კორონავირუსი მსოფლიოში

Washington Post: რატომ იმატებს COVID-19-ის შემთხვევები ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი წილის მქონე ქვეყანაში

AP

The Washington Post სტატიას აქვეყნებს სეიშელის კუნძულების შესახებ, რომელსაც მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინირებულთა წილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 

სტატიის თანახმად, როდესაც სეიშელის კუნძულებმა 2021 წლის დასაწყისში მოსახლეობისთვის უფასო ვაქცინაციის შეთავაზება დაიწყო, პრეზიდენტმა ვაველ რამკალავანმა თქვა, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდებოდა. ინდოეთის ოკეანეში მდებარე ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ეს ამბიციური გეგმა იყო, მაგრამ, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმზე, სეიშელმა ვაქცინები მოიზიდა რეგიონული მოკავშირეებისგან, მათ შორის, ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან. 

როგორც უკვე ითქვა, სეიშელის კუნძულები მოსახლეობის აცრილი წილით პირველია მსოფლიოშია სახელმწიფოში მოსახლეობის 60%-ზე მეტი სრულად არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს მაჩვენებელი უსწრებს ვაქცინაციაში ისეთი წარმატებული ქვეყნებისას, როგორებიცაა ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. 

ამ წარმატების მიუხედავად, მიმდინარე კვირის განმავლობაში სეიშელის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება გამოვლინდა და ქვეყანა იძულებული გახდა, აღედგინა პანდემიის გამო დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი საკმაოდ დაბალია – საშუალოდ 100 ინფიცირება დღეში, ეს ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა 100 000-ზე ნაკლებია, მაინც დიდი მოვლენაა. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით სეიშელის ეპიდვითარება ინდოეთისაზე უარესია. 

მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 068 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 65% მოსახლეობის ის ნაწილია, რომელმაც საერთოდ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ან ვაქცინის მხოლოდ 1 დოზა მიიღო. ამასთან, სეიშელში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელიც საკმაოდ დაბალია – 28 გარდაცვალება 6 000 შემთხვევიდან.

სეიშელის კუნძულებზე ადმინისტრირებული ვაქცინების 60% ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინაა, დანარჩენი კი ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინა. მრავალი თვალსაზრისით, ქვეყნის მთავრობის მოლაპარაკებები ვაქცინების მიწოდებისთვის სწრაფი და შედეგიანი იყო, მაგრამ ქვეყანამ 2 ვაქცინის მოხმარება დაიწყო, რომლებიც ნაკლებად ეფექტიანია COVID-19-ის სიმპტომების მიმართ.

Sinopharm-ის ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა და მისი ეფექტიანობა 78.1%-ით განსაზღვრა. ამასთან, AstraZeneca-ს ეფექტიანობა 79%-ით არის შეფასებული, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე Pfizer-ის და Moderna-სი.

​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების კიდევ ერთი მიზეზი ტურიზმის გახსნაა, თუმცა ამ ორს შორის კავშირის მტკიცებულება ბოლომდე ნათელი არ არის.

ერთწლიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სეიშელმა ტურიზმის გახსნა 25 მარტიდან დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესასვლელად ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ტურისტებს ამისთვის მხოლოდ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული უარყოფითი PCR ტესტი სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის გახსნის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, გამოვლენილი დადებითი ინფიცირების შემთხვევებიდან ტურისტები მხოლოდ 10%-ია. 

ეპიდემიოლოგ ჰუანგ ბუის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინფიცირებულის სიკვდილის თავიდან აცილებას, მხოლოდ სამედიცინო პერსონალს არ შეუძლია, გაუმკლავდეს ახალი შემთხვევების აფეთქებას. 

სეიშელის კუნძულების გარემოსდაცვითი კონსულტაციების ფირმის დირექტორის, მალშინი სენარატნას თქმით, სეიშელის მთავრობა მოქმედებს ჯანდაცვასა და ეკონომიკურ კეთილდღეობის დასაბალანსებლად

"COVID-19-მა მკაფიოდ გამოკვეთა ტურიზმზე დამოკიდებული კუნძულოვანი სახელმწიფოების მოწყვლადობა. ვიმედოვნებთ, რომ ვირუსის გავრცელება მოკლე ხანში შეჩერდება. ჩვენ არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვუყუროთ მომავალს". – თქვა სენარატნამ. 

კომენტარები