პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მელიას გათავისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდათ, მათთვის მძიმე პრობლემა იყო

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა, რადგან, მისივე სიტყვებით, მელია მათთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ მძიმე პრობლემა იყო. 

"თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს - სად გადაირიცხა ფული, იმიტომ, რომ პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯები და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი, იმისთვის, რომ გირაო იქნას გადახდილი. მაგრამ, ეს ცნობისმოყვარეობისთვის საინტერესო სამართლებრივი დეტალი გვერდით რომ გადავდოთ, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით - ამაში დარწმუნებული ვიყავი. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი გათავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ - ორივე ფრონტზე". - ამბობს ბოკერია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, გზამ, რომლითაც შეთანხმების მიღწევა მოხდა, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესი წინ ვერ წასწია და, მისივე სიტყვებით, დააზიანა.

"მიუხედავად ამისა, ამ ვითარების ამოქაჩვა აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიკური ძალების მოქალაქეებთან ურთიერთობით, მოტივაციის შექმნით, კლიმატის გარდატეხით და იმ ვითარების შექმნით, რომ ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმური მეთოდებითაც კი არ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და, როცა საჭიროა, მშვიდობიანი პროტესტი. ევროპული საქართველო აპირებს, რომ ამ პროცესის ავანგარდში იყოს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

კითხვაზე, შეუერთდებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს მელიას გათავისუფლების შემდეგ, ბოკერია პასუხობს, რომ ევროპული საქართველო შეთანხმებას არცერთ შემთხვევაში არ შეუერთდება. მისი თქმით, "ჩვენ არ ვიქცევით იმის მიხედვით, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვიქცევით ისე, რაც იმ მომენტში სწორად მიგვაჩნია ქვეყნის ინტერესებისთვის". ევროპული საქართველოს თავმჯდომარის შეფასებით, რურუასა და მელიას გათავისუფლება "კარგი ამბავია", თუმცა, ამ პროცესის "ხინჯია, რომ ივანიშვილსა და მის რეჟიმს მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა და ამის გაცვლა რაღაცებში". 

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 40 000 ლარი ორგანიზაციამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა და ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანახმა იყო.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები