ნიკა მელიას საქმე

საია: გირაოს თანხა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩავრიცხეთ, მელია თანახმა იყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 40 000 ლარი ორგანიზაციამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა. ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანახმა იყო.

მისივე თქმით, ანგარიშის ნომერი, სადაც გირაოს თანხა ჩარიცხეს, განჩინებაში ეწერა და ის ფაქტი, რომ პროკურატურას გირაოს შუამდგომლობა არ აქვს დაყენებული, პრობლემას არ წარმოადგენს.

"ეს პრობლემა არ არის. ამის შემდეგ შეიძლება დაყენდეს და უკვე შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება", - თქვა სიმონიშვილმა ტაბულასთან საუბარში.

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები