პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიციის წევრები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. 

შეხვედრაზე შესვლამდე ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სამადაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციით კანონპროექტის შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა ვეტოს დადებაა.

"ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით. მე რამდენადაც მიმაჩნია, ეს ცვლილებები, რომელიც ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ფაქტიურად, კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მექანიზმით უნდა შევაჩეროთ, რომელიც ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის კონსტიტუციით და კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ და ალეკო ელისაშვილმა ისაუბრეს. 

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, პრეზიდენტს Facebook-ზე სთხოვა, რომ კანონპროექტისთვის ვეტო დაედო. მისივე სიტყვებით, ზურაბიშვილს მასთან ამ თემაზე სურდა საუბარი და ხვიჩიამ პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააცნო. 

"ავუხსენი, თუ რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო წინააღმდეგობაში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტი არის. ამ კანონზე ვეტოს დადება არის ყველასთვის კარგი". - ამბობს იაგო ხვიჩია. 

ალეკო ელისაშვილის თქმით კი პრეზიდენტს გუშინ, 5 მაისს ლევან იოსელიანი შეხვდა. 

"პრეზიდენტს აინტერესებდა არგუმენტები, თუ რატომ არ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ჯარიმების გაზრდას ეხება განსაკუთრებით. ლევანმა სალომე ზურაბიშვილს მოახსენა ჩვენი არგუმენტები და უთხრა, რატომ მიგვაჩნია ეს უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად. პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, არ ვიცი. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და აინტერესებს არგუმენტები". - ამბობს ელისაშვილი.  


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირაქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა". 

კომენტარები