დავითგარეჯის საქმე

ანდრია ჯაღმაიძე მელაშვილზე: გამიზნული პროვოკაციაა, უნდა მოერიდოს დაძაბულობას

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ უფროსზე, ივერი მელაშვილსა და მთავარის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მელაშვილის დავითგარეჯაში ჩასვლა "დაგეგმილი პროვოკაცია" იყო და ის დაძაბულობას უნდა მოერიდოს. 

"გუშინდელი ინციდენტი საერთო ფონზე ასე იკითხება - ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავითგარეჯში განსაკუთრებულად აღიქვამენ პრობლემას, როდესაც მთავარი არხი გარეჯის ბერებს გრუ-ს აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილს - ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას. გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ კელიებში სადაც გარეჯელი მამები მსახურობდნენ ვერ გადადიან ჩვენი სასულიერო პირები, იმ დღეს დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა და, მე ვფიქრობ, არ შეიძლება, მათ არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ როდესაც მსჯავრდებული არის ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში, ეს ადამიანი უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას. 

ჩვენი პრემიერი არის ბაქოში და ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს. დიდი იმედი გვაქვს, რომ, მათ შორის, გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი, ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ არის დაგეგმილი პროვოკაცია. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და, რა თქმა უნდა, რომ ეს არ არის სასულიერო პირის საქმე. მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციების დროს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს ეს, რომ როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ". – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები