დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი სამსახური გააუქმეს.

"მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს, რეორგანიზაცია ჩაატარეს, ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ასე ჰქვია – მიწის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური. ეს სასაზღვრო ურთიერთობის სამსახური გააუქმეს. 

ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ, არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, მეტს არაფერს. ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებელია ბევრი სხვადასხვა". – თქვა ივერი მელაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

ტაბულა დამატებითი დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, გაუქმებული სამსახურის უშუალოდ კომისიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

"საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიცია, ისევე როგორც ეს სამსახური არ გაუქმებულა! საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემდგომი საქმიანობის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ფუნქცია გადავიდა უშუალოდ კომისიის დაქვემდებარებაში, ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროსა, რაც ბუნებრივია აღარ ქმნის ამ ფუნქციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დუბლირების საჭიროებას. მოგეხსნებათ, რომ კომისია გახლავთ უწყებათაშორისი სტრუქტურა, რომელსაც როტაციის პრინციპით ჰყავს ხელმძღვანელი და სამომავლოდ უმჯობესია რომ ეს ფუნქცია არსებობდეს სწორედ უშუალოდ კომისიასთან, მისი ეფექტიანი საქმიანობისთვის". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განმარტებაში.

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები