დავითგარეჯის საქმე

როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. მომხდარმა საზოგადოების ყურადღება მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური ვითარებიდან და კარს მომადგარი არჩევნებიდან სწორედ ამ საქმეზე გადაიტანა.

ეს პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მმართველი პარტიის დამსახურებაა, რომელთაც დავითგარეჯის საქმის ირგვლივ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს. ქვეყნის მოღალატეებისა და გამყიდველების გმობასთან ერთად ინფორმაცია საქმის არსებით ნაწილზე უკიდურესად ფრაგმენტული და მწირია. ჯერაც არაფერი ვიცით საქმეში არსებულ მტკიცებულებებისა თუ სავარაუდო დანაშაულის მოტივების შესახებ. ასევე, გაუგებარია, რატომ იყო აუცილებელი, ორი ხანში შესული ადამიანის დაპატიმრება და რა რისკებს შეიცავდა ქვეყნის ინტერესებისთვის მათი გირაოთი გათავისუფლება.

პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საქმე თავიდანვე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს დაუკავშირა, თუმცა საგულისხმოა, რომ ბრალდებაშ კულტურული ძეგლის მონაკვეთი საერთოდ არ ფიგურირებს. უნდა ითქვას, რომ საქმე დაჩქარებულ რეჟიმში განვითარდა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებათა დრო არცთუ უსაფუძვლო ეჭვებს აჩენს საქმის პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით.

ტაბულამ საქმის რამდენიმე საკვანძო ფიგურანტის და ორივე ბრალდებულის ჩვენებები მოიპოვა.

პრობლემური საზღვარი და დავითგარეჯის მონასტერი

რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოცხადა, საზღვრების საკითხი თავიდანვე დავის საკითხად იქცა. ჯერ კიდევ საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე, მხარეებს შორის სადავო ტერიტორიები წარმოიშვა. მაგალითად, ცნობილია რომ 1918 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის მთავრობამ პრეტენზიები წამოაყენა საქართველოს შემადგენლობაში შემავალ რამდენიმე ოლქთან დაკავშირებით. თბილისის, ბორჩალოსა და სიღნაღის მაზრაში მცხოვრებ მუსლიმთა სიმრავლის გამო აზერბაიჯანს მიაჩნდა, რომ ეს ტერიტორიები მათ შემადგენლობაში უნდა შესულიყო.

საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის პრეტენზიები დაუსაბუთებლად ცნო და მეზობელს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მართლაც, 1918 წლის 22 ივნისს აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაადასტურა საქართველოსთან მშვიდობის შენარჩუნების მზადყოფნა. ამასთანავე, აზერბაიჯანულმა მხარემ წამოაყენა წინადადება ორმხრივი შერეული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც საზღვრის დადგენის საკითხებზე იმუშავებდა. ორმხრივი მზადყონის მიუხედავად, ქვეყნებს შორის საზღვრის დადგება ხელშეკრულების დონეზე მაინც ვერ მოხერხდა.

1919 წლის 16 ივნისს თბილისში ხელი მოეწერა საქართველო-აზერბაიჯანის სამხედრო-თავდაცვით აქტს, რომლის მეოთხე მუხლშიც ვკითხულობთ: "მხარეები პირობას სდებენ, რომ ყოველივე მოსალოდნელი დავა საზღვრების შესახებ გადასწყვიტონ შეთანხმებით ან არბიტრაჟით, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულოა ორივე მხარისთვის". ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხი აქტუალური გახდა 1920 წლის 7 მაისს, როდესაც მოსკოვში ხელი მოეწერა საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამავე ხელშეკრულებით რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველო აღიარა მასში შემავალი ზაქათალის ოკრუგით.

ამ ხელშეკრულებას ბოლშევიკურმა რუსეთმა იმავე წელს გადახედა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. აზერბაიჯანის უკვე ახალმა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი პროტესტი გამოთქვა ზაქათალის ოკრუგის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ პროტესტს მხარი დაუჭირა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ და ამავე წლის სექტემბერში საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ზაქათალის ოკრუგს საქართველოს შემადგენლობაში არ ცნობდა.

1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას ტერიტორიული პრეტენზიები წამოუყენეს, როგორც აზერბაიჯანმა, ასევე, სომხეთმა. ამ ტერიტორიულ დავებში ბოლშევიკურმა რუსეთმა უგამონაკლისოდ საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა.

ამის შედეგი იყო 1921 წლის ივლისში გამართული კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ უარი თქვა ზაქათალის ოკრუგსა და სხვა ტერიტორიებზე. ამგვარად, 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მათ შორის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა ისტორიული ჰერეთი და დავითგარეჯის მონასტრის ნაწილიც. სომხეთს გადაეცა ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1921-22 და მომდევნო წლებში დადგენილი საზღვრები ძალაში დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც.

დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩენას ადასტურებს სრულიად საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის 1926 წლის იანვრის მოხსენებაც. მოხსენებაში მახარაძე წერს, რომ 1922 წელს შესაბამისმა კომისიამ დაადგინა საზღვრები, ერთი მხრივ, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, თუმცა სადელიმიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. შედეგად, ადგილზე ხშირია დაპირისპირება გლეხებს შორის, ხოლო დაპირისპირების მთავარი მიზეზი საძოვრებია.

დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კერად მახარაძე მოიხსენიებს დავითგარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდა. "დავითგარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საძოვრები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს მოსახლეობის სარგებლობაში. ეს ტერიტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა შემთხვევით, იმის გამო აღმოჩნდა, რომ ადგილზე მომუშავე კომისიას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა."

მოხსენებაში მახარაძე, ასევე, წერს, რომ მიმდებარე ტერიტორიის კუთვნილებას საქართველოს მიმართ ადასტურებს ადგილზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა არსებობაც. როგორც ფილიპე მახარაძე წერს, აზერბაიჯანის მხრიდან კონტროლის მიუხედავად, ძეგლების მოვლა 1925 წლის ბრძანებულებით თბილისის აღმასრულებელ კომიტეტს დაევალა.

მიუხედავად ამისა, ადგილზე დელიმატაციისა და დემარკაციის თვალსაზრისით მომდევნო წლებში არანაირი ქმედითი სამუშაო არ ჩატარებულა. საბჭოთა იმპერიის არსებობის მომდევნო წლებში მიწათსარგებლობის მიზნებიდან გამომდინარე დგებოდა სხვადასხვა რუკები, მათ შორის იყო 1927 წლის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებშიც საზღვრის მონაკვეთი საქართველოსთვის წამგებიანად იყო გავლებული.

ასევე, იყო 1945 წლის შეთანხმებაც, რომელზეც საზღვრის ხაზი საქართველოსთვის კიდევ უფრო წამგებიანად იყო გავლებული. უნდა ითქვას, რომ ეს წამგებიანი შეთანხმება საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ დაამტკიცა, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია აზერბაიჯანულ მხარეს. სწორედ ამიტომ 1945 წლის შეთანხმებით სარგებლობა ქართულმა მხარემ დაუშვებლად ცნო.

ამგვარად, ბოლოს ორმხრივი შეთანხმება საზღვრის შესახებ 1938 წლის თებერვალში შედგა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ცენტრალური ცეკას აღმასრულებელი კომიტეტების მიერ შეთანხმებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დიდი მთის ჩრდილოეთით არსებული უზუსტობა, სინამდვილეში ზუსტი აღმოჩნდა და ორივე მხარე ამას ადასტურებს. ასევე, დასტურდება, რომ საზღვარი მდინარე ალაზანს მიუყვება.

შეთანხმებაში, ასევე, ნათქვამია, რომ დანარჩენ ნაწილებში არსებული შეუსაბამობები, ძირითადად, გრაფიკული უზუსტობებით და ანახაზთა დეფორმაციას უკავშირდება, რაც გამოწვეულია, იმით, რომ მხარეები მსხვილმასშტაბიანი 1:500 000-იანი რუკით სარგებლობდნენ.

ამავე შეთანხმებით დადგინდა, რომ მხარეები 1938 წელს გამოშვებულ 1:500 000-იან რუკას დაამტკიცებდნენ, ხოლო უზუსტობებსა და შეუსაბამობებს გამოსწორებდნენ. სწორედ ეს რუკა დაერთო ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც მხარეებმა ამავე წლის მარტსა და მაისში დაამტკიცეს და, ამგვარად, ეს რუკა სამართლებრივი შეთანხმების ნაწილი გახდა.

რას საქმიანობდა კომისია და რა რუკებით ხელმძღვენელობდნენ მხარეები

მეზობლებთან საზღვრების შეთანხმების საკითხი აქტუალური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც ამ დროისთვის საზღვრების საკითხზე სრულად შეთანხმებულები ვართ, თურქეთია. ცხადია, დღის წესრიგში დადგა სასაზღვრო ხაზის შეთანხმება აზერბაიჯანთანაც. ამ თვალსაზრისით მუშაობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში გააქტიურდა.

ქართულმა მხარემ ლოგიკურად მიიჩნია, გაჰყოლოდა1938 წლის შეთანხმებას. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველ რიგში, ის, რომ სხვა შეთანხმებებთან შედარებით 1938 წლის შეთანხმება ტერიტორიულად ყველაზე მოგებიანი იყო საქართველოსთვის, ამასთანავე, სწორი ეს იყო სამართლებრივადაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის თავიდან ის 1945 წლის შეთანხმების გამოყენებას მოითხოვდა, ასევე, ითხოვდნენ 1927-1929 წლების ოქმებისა და 1991 წლის სამეურნეო რუკების გამოყენებას, მაგრამ ქართული მხარე წლების განმავლობაში უარყოფდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ამას სამართლებრივადაც ასაბუთებდა.

საბოლოოდ, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, 1996 წლის 13 ივნისს შედგა საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში მხარეები 1938 წლის შეთანხმებას და ამავე წელს გამოშვებულ ორმხრივად დამტკიცებულ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკას გამოიყენებდნენ. ამასთანავე, შეხვედრის ოქმში შევიდა კიდევ ერთი მუხლიც, რომლის მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ სხვა წლებში გამოშვებული რუკებისა და მასალების გამოყენებაც.

საქართველო-აზერბაიჯანის 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმების ოქმი

სხვა დოკუმენტების გამოყენების საჭიროება ნაკარნახევი იყო იმით, რომ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა ადგილზე გარკვეულ ცდომილებებს იძლეოდა. ამ მასშტაბის რუკაზე 1 სანტიმეტრი დაახლოებით 5 კილომეტრს უტოლდება, რაც დიდი უზუსტობის საფრთხეს ქმნიდა. რაც მთავარია, სხვა რუკებისა და დოკუმენტების გამოყენება დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რუკების სასაზღვრო ხაზი შესაბამისობაში იქნებოდა 1938 წელს გამოშვებულ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკასთან და არ იქნებოდა აცდენები.

მომდევნო წლებში აზერბაიჯანმა კიდევ რამდენეჯერმე შეიცვალა პოზიცია და სხვა მათთვის უფრო მოგებიანი რუკების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ამგვარად, საზღვრის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში საწყისი წერტილი სწორედ 1938 წლის შეთანხმება და ამავე წლის 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა იქცა. ამით განულდა ყველა წინა შეთანხმება და სწორედ ეს იქცა მხარეებისთვის ამოსავალ წერტილად.

კომისიის მუშაობაში თავიდანვე ჩაერთო ივერი მელაშვილი, რომელიც მალევე ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, კომისიაში ოდნავ მოგვიანებით 1990-იანი წლების მიწურულს შევიდა ნატალია ილიჩოვა, რომელიც იმ დროისთვის უკვე გამოცდილი კარტოგრაფი გახლდათ. კომისიის მუშაობის პროცესი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მხარეები შეხვედრისას განიხილავდნენ შესათანხმებელ მონაკვეთს, მოგვიანებით დგებოდა ამ შესათანხმებელი მონაკვეთის დეტალური მსხვილმასშტაბიანი რუკები და ალბომები, რომლებსაც მხარეები ერთმანეთს უცვლიდნენ. მას შემდეგ, რაც კომისიები შეთანხმდებოდნენ, კონკრეტულ მონაკვეთზე დგებოდა შეთანხმების ოქმი, თუმცა მის ასამოქმედებლად კომისიების შეთანხმება საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა შეთანხმების დამტკიცება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

კომისიების პირველივე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საზღვრის მნიშვნელოვან მონაკვეთზე, დაახლოებით 260 კილომეტრზე, მხარეებს პრეტენზია ერთმანეთთან არ ჰქონდათ და აღნიშნული ხაზი მალევე შეთანხმდა. სადავო იყო დარჩენილი 5 მონაკვეთი, საიდანაც ორ 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მხარეები მალევე მორიგდნენ.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქართულ მხარეს არ გააჩნდა 1938 წლის შეთანხმებული რუკა და ჰქონდა ამ რუკის დამოწმებული ამონახაზი. ვინაიდან ამ რუკის ამონახაზით შეუძლებელი იყო დელიმატიციისთვის აუცილებელი დეტალური 1:50 000-იანი მასშტაბის რუკის შედგენა, ქართული მხარე დეტალური ალბომების შესადგენად 1942-1943 წელს გამოშვებულ 1:100 000-იანი მასშტაბის რუკებს იყენებდა. ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში გამოცემული რუკების სასაზღვრო ხაზი შესაბამისობაში იყო 1938 წელს გამოშვებულ და ორმხრივად შეთანხმებულ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკის სასაზღვრო ხაზთან.

იმას, რომ ქართული მხარე სწორედ 1938 წლის რუკის სასაზღვრო ხაზით ხელმძღვანელობდა, ადასტურებს ნატალია ილიჩოვას ჩვენების ერთ-ერთი ეპიზოდიც. კითხვაზე, რამდენად შეესაბამება 1:50 000-იანი ალბომების სასაზღვრო ხაზი 1:500 000-იანი რუკის სასაზღვრო ხაზს, ნატალია ილიჩოვა პასუხობს, რომ ალბომებში დაფიქსირებული ხაზები სრულ შესაბამისობაშია 1938 წლის ხაზთან. ილიჩოვა ასევე იხსენებს ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც აზერბაიჯანული მხარის მიერ წარმოდგენილი ალბომები აცდენილი იყო 1938 წლის სასაზღვრო ხაზს.

"1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის რუკაზე არსებული მონაცემები გადატანილ იქნა შესაბამის ალბომებში მასშატაბით 1:50 000-ზე. ასეთივე ალბომები შედგა აზერბაიჯანის მხარის მიერ და მოხდა ამ ალბომების გაცვლა. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ალბომებით მუშაობა, როცა ჩვენ გავეცანით აზერბაიჯანის მხარის მიერ შედგენილ იმავე მონაცემებს, აღმოვაჩინეთ, რომ მათში დაფიქსირებული საზღვარი არ იყო 1938 წლის მდგომარეობით დაფიქსირებული, არამედ დაფიქსირებული იყო 1963 წლის მდგომარეობით, რაზედაც ჩვენ არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ 1938 წლის მდგომარეობით არსებული საზღვრის დაფიქსირება", - წერს ილიჩოვა.

ამის შესახებ საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ლაპარაკობენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანი, ასევე, იხსენებს პერიოდს, როდესაც მათ 1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის რუკის ადგილსამყოფლის შესახებ გაიგეს. როგორც ბრალდებულების ჩვენებებიდან ირკვევა, 2010-იან წლებში მათ გაიგეს, რომ ეს რუკა ინახებოდა სომხეთის არქივში .

"მე და ნატალია ილიჩოვა ვიყავით ჩასულები სომხეთში. მე შემიყვანეს არქივში და მანახეს ამ რუკის დედანი. ჩვენ სომეხ კოლეგებს ვთხოვეთ და მათ ნაწილ-ნაწილ ქსეროქსების სახით გამოგვიგზავნეს ამ რუკის ასლი. ჩვენ ეს საქართველოში ავაწყეთ და შევადგინეთ ერთიანი ამ რუკის ორიგინალის ასლი, რომელზეც დასმული იყო 12 პირის ხელმოწერა. მოგვიანებით, როგორც მახსოვს, საელჩოს მეშვეობით მოვიპოვეთ ამ რუკის ფერადი სკანირებული ვერსია", - წერს მელაშვილი თავის ჩვენებაში.

ამგავარად, კომისიების მუშაობის პერიოდში ჯამურად და კომისიების დონეზე შეთანხმებულია დაახლოებით 303 კილომეტრი, მათ შორის 1996 წელს შეთანხმდა 247 კილომეტრი და 58 კილომეტრი - 2005-2007 წლებში. კომისიების დონეზე შეთანხმებულ მონაკვეთებს შორის არ არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. საზღვრის ამ მონაკვეთზე თანხმობა ამ დრომდე არ არსებობს, შესაბამისად, გამორიცხულია, ვინმეს ჰქონოდა მცდელობაც კი, მეორე მხარისთვის გადაეცა ეს ტერიტორია.

რაში ადანაშაულებენ მელაშვილს და ილიჩოვას

1936-1938 წლებში გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა
ფოტო: რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დოკუმენტი, რომელსაც პროკურატურა რელევანტურად მიიჩნევს, 1937 წელს გამოცემული 1:200 000-მასშტაბიანი რუკაა, რომელზეც დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთი საქართველოს საზღვრებშია. პროკურატურის პოზიციით, მელაშვილი და ილიჩოვა ამ რუკას კომისიის წევრებს უმალავდნენ და განზრახ ხელმძღვანელობდნენ სხვა მასალით, რომელიც საქართველოსთვის წამგებიანი იყო.

თავის მხრივ, საინტერესოა ამ რუკის აღმოჩენის სამთავრობო ვერსია და პროცესში მონაწილე პირები, რომლებიც ბრალდების მთავარი მოწმეები არიან. უნდა ითქვას, რომ ამ რუკების არსებობის შესახებ იცოდნენ მელაშვილმაც და ილიჩოვამაც. მეტიც, როგორც ილიჩოვას ჩვენებიდან ირკვევა, ასეთი რუკა მან "დაახლოებით 2000 წელს, ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მოიპოვა, რომელიც ამ რუკას სეიფში ინახავდა."

ბრალდების ვერსიით, ილიჩოვა და მელაშვილი ამ რუკებს კომისიის წევრებს უმალავდნენ. საქმე ის არის, რომ ამ რუკების აღმოჩენის შემდეგ მელაშვილმა და ილიჩოვამ ეს რუკა 1938 წლის შეთანხმებულ რუკას შეადარეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა უზუსტობები. "ასეთი რუკა ფიზიკურად გვქონდა კიდეც კომისიაში, მაგრამ 1:500 000-იანი მასშტაბის ხსენებულ რუკაზე დატანილ სასაზღვრო ხაზს როდესაც შევადარეთ, ხაზებს შორის ბევრ მონაკვეთზე დიდი ცდომილება იყო. ეს რუკა, ასევე, შევადარეთ იმავე მასშტაბის შედარებით ახალი გამოცემის ტოპოგრაფიულ რუკებს და ამ შემთხვევაშიც არსებობდა არსებითი უზუსტობები. კერძოდ, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკაზე არსებული ხაზი სხვა მიმართულებით გარბოდა და გრძელდებოდა", - წერს მელაშვილი ჩვენებაში.

ამავე რუკის ნაწილში იდენტურ ჩვენებას იძლევა ნატალია ილიჩოვაც. გარდა ამისა, ამ ხსენებულ „საიდუმლო რუკას“ ჰქონდა სხვა სახის პრობლემებიც. კერძოდ, ის, რომ რუკა აგებული იყო მიუფლინგის პროექციის მიხედვით, ეს მეთოდი კი უკვე ამ რუკის შემდგენის მომენტში მოძველებული იყო. მიუფლინგის სისტემა არ ემყარება მათემატიკურ საფუძველს და შეიცავს არსებით უზუსტობებს. მიუფლინგის რუკების ნაკლოვანების შესახებ ინფორმაციის მოძიება მარტივად შეიძლება ინტერნეტშიც. კერძოდ, ცნობილია, მაგალითად, მინსკის რუკის შესახებ, რომელიც სწორედ ამ სისტემით არის შედგენილი, თუმცა იგი არ ემთხვევა ასტრონომიულ რიცხვებს და ადგილზე მნიშვნელოვან ცდომილებას იძლევა. ამასთანავე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ამ მიუფლინგის სისტემის რუკების გამოყენება საბჭოთა კავშირში მალევე შეწყდა და დაინერგა გაცილებით უფრო ზუსტი მეთოდიკა, რომლითაც შემდეგ წლებში ხელმძღვანელობდნენ.

ამ ნაკლოვანი რუკის არგამოყენებას ზემოხსენებული მიზეზების გარდა კიდევ რამდენიმე უფრო პრაგმატული მიზეზი ჰქონდა. უპირველესად კი ის, რომ ეს რუკა გამოცემულია 1938 წლამდე, სანამ საქართველოს და აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობები 1:500 000-იანი მასშტაბის რუკას შეათანხმებდნენ. შესაბამისად, ამ არაზუსტი რუკის წარდგენით ქართული მხარე საშუალებას მისცემდა აზერბაიჯანულ მხარეს, გასცდენოდა 1938 წლის შეთანხმებას და უფრო ადრინდელი ორმხრივი შეთანხმების გამოყენება მოეთხოვა. ხოლო 1938 წლამდე არსებული ბოლო სასაზღვრო შეთანხმება მხარეებს შორის 1929 წელს შედგა, რაც საქართველოსთვის გაცილებით უფრო წამგებიანი იქნებოდა. მარტივად, რომ ვთქვათ, ამ რუკის წარდგენით საქართველო პანდორას ყუთს გახსნიდა, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანი მასალების გამოყენება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ხოლო 1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის რუკის გამოყენებით საქართველო მოიგებდა დაახლოებით 5 000 ჰექტარს.

გვერდზე რომ გადავდოთ ამ რუკის ნაკლოვანება, რომლის შესახებაც ცნობილი იყო არა მხოლოდ მელაშვილის, არამედ, როგორც სხვა ჩვენებებიდან ირკვევა, მაღალ სახელმწიფო თანამდებობათა პირებისთვისაც. ბრალდების მხარე მხოლოდ იმ მონაკვეთებზე ლაპარაკობს, რომელიც საქართველომ წააგო, თუმცა არაფერს ამბობობს მონაკვეთებზე, სადაც საქართველომ ტერიტორიები მოიგო.

იმას, რომ, პროკურატურის მტკიცებით, „წამგებიანი“ შეთანხმებითაც საქართველო იგებდა გარკვეულ ტერიტორიებს, ადასტურებს საქმის ერთ-ერთი საკვანძო მოწმის, ნოდარ ხორბალაძის ჩვენებაც. „ამ რუკაზე აშკარა იყო, რომ უკვე შეთანხმებული მონაკვეთები არ ემთხვეოდა 1938 წელს შედგენილ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის მონაცემებს და საქართველოს ამ შეთანხმებით დაკარგული ჰქონდა ტერიტორიები. ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის რესპუბლიკას აქვს დაკარგული ტერიტორიები", - წერს ხორბალაძე თავის ჩვენებაში.

უზუსტობები და შეუსაბამობები ბრალდებაში

ამ უზუსტობის გარდა, საქმეში რამდენიმე არსებითი შეუსაბამობა გამოიკვეთა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებში, რაც კიდევ უფრო აზუსტებს ბრალდების პოზიციას და ზრდის ეჭვებს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. უპირველესად, მნიშვნელოვანია „დაკარგული“ რუკის მოძიების სამთავრობო ვერსიაში გამოვლენილი შეუსაბამობები. ტელეკომპანია იმედში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუკების მოძიებაში დახმარება, მან გარეჯელი არქიმანდრიტისა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მამა კირიონის თხოვნით, ბიძინა ივანიშვილს სთხოვა. ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილმა საქმეში ჩართო შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

ღარიბაშვილის მონათხრობი სრულ შესაბამისობაშია დავით ხიდაშელის ინტერვიუსთან, რომელიც ამ უკანასკნელმა რუსთავი 2-ს მისცა, თუმცა აცდენილია უშუალოდ ხიდაშელის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მას დახმარება მისმა „ამხანაგმა“ ბეჟან მაისურაძემ თხოვა.

"მე დაკავებული ვარ კარტოგრაფიული საქმიანობით უკანასკნელი 20 წელია და მაქვს დიდი საარქივო მასალა. ამასთან, საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს ვიძიებ საარქივო მასალას და მაქვს საშუალება, მოვიძიო კონკრეტული სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებაში. ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, დავმხმარებოდი მას და საქართველოსთვის ზემოხსენებული პერიოდის რუკები მომეძიებინა და გადამეცა თავდაცვის სამინისტროსთვის". – წერს ჩვენებაში ხიდაშელი.

ინტერვიუს მიხედვით, საქმეში ბეჟან მაისურაძე სწორედ ხიდაშელმა ჩართო და არა პირიქით, როგორც ამას ჩვენებაში მიუთითებს ხიდაშელი. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან ერთად საზოგადოებრივ ფონდ "Соотечественники“-ს [„თანამემამულეების“] დამფუძნებელია.

იგორ გიორგაძე 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა, სწორედ მას ედებოდა ბრალად მაშინდელ პრეზიდენტ, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება 1995 წლის 29 აგვისტოს. იგორ გიორგაძე იმ დღესვე ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან მოსკოვში გაფრინდა და საქართველოში აღარ ჩამოსულა.

ფონდი, რომლის მიზანიც "ქართველ და რუს ხალხს შორის ისტორიული და სულიერი კავშირების გაძლიერება და აღორძინებაა" გიორგაძემ და მაისურაძემ მოსკოვში 2009 წელს დააარსეს. ბეჟან მაისურაძემ საქართველოს პარლამენტის მანდატი მიიღო 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც შემდგომში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად დაიშალა. ამის შემდეგ მაისურაძე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 2004 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვში "მოსინჟმშენის" N91 სამშენებლო სამმართველოს გენერალურ დირექტორად. 2013 წლიდან აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად.

ხიდაშელის ცნობით, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მაისურაძე იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და კიდეც რომ სცოდნოდა, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგანაც მან ამ შემთხვევაში უბრალოდ თავის მეზობელს [ბეჟან მაისურაძეს] თავდაცვის სამინისტროდან რუკების წამოღება სთხოვა. ხიდაშელის თქმით, მაისურაძეს პროცესში მხოლოდ კურიერის როლი უნდა შეესრულებინა.

გარდა ამისა, შეუსაბამობები არსებობს "დაკარგული" 1:200 000-იანი რუკის მოძიების ვერსიასთან დაკავშირებით. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუკის მოძიება მამა კირიონთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს მაშინდელ მდივანს, მინდია ჯანელიძეს დაავალა. ღარიბაშვილის თქმით, ჯანელიძემ ეს რუკა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოიტანა", რომელიც შემდგომში ნოდარ ხორბალაძეს გადასცეს.

ამ მონათხრობს არსებითად აცდენილია უშუალოდ ნოდარ ხორბალაძის და გიორგი სვანაძის ჩვენებები. სვანაძე იმ დროს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სვანაძე ჩვენებაში ამბობს, რომ "დაკარგული რუკა" არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში, სასაზღვრო პოლიციაში მოიძია. საუბარია სწორედ იმ რუკაზე, რომელიც ნატალია ილიჩოვამ 2000 წელს მოიძია და თავის სამუშაო კაბინეტში ინახავდა.

"მივმართე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსს, მანანა ხვედელიძეს - ავუხსენი, რომელი რუკა მჭირდებოდა და ვკითხე - სად შემეძლო მოძიება. მან მითხრა, რომ თვითონ მომიტანდა და მისგან მივიღე 1936 წლის მდგომარეობით საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის, რამდენადაც მახსოვს, K-38-28 ნომენკლატურის რუკა“ - წერს ჩვენებაში სვანაძე.

იმას, რომ რუკა სვანაძემ საქართველოში მოიძია თავის ჩვენებაში ადასტურებს ნოდარ ხორბალაძეც, ჩვენებაში იგი ასევე ადასტურებს, რომ რუკა მას 2014 წელს სვანაძემ გადასცა.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომელმა, გიორგი სვანაძემ გადმოგვცა 1937 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც გამოსახულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარი",- წერს ხორბალაძე ჩვენებაში.

ხორბალაძის თქმით, მან სვანაძისგან მიღებული რუკა დაასკანერა და ორიგინალი უკან დაუბრუნა. ამიტომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება კვლავ სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვას სამუშაო ადგილას დაბრუნდა. მოგვიანებით კი სწორედ ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებული რუკა გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელსაც ილიჩოვა თითქოსდა მალავდა.

საქმის აღძვრის მომენტიდან უმაღლესი მთავრობის წევრები - მინისტრები ცდილობენ, წარმოადგინონ, რომ იგორ გიორგაძისა და ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი რუკები გარდამტეხი იქნება აზერბაიჯანთან სასაზღვრო მოლაპარაკებების პროცესში. თუმცა, როგორც საქმეში არსებული ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, ეს "დაკარგული" 1:200 000-იანი მასშტაბის რუკები აზერბაჯანულ მხარეს უკვე წარუდგინეს.

ამის შესახებ ჩვენებაში დეტალურად წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი და დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე. მიქელაძე იხსენებს 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში გამართულ კომისიის შეხვედრას.

ამ შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნოდარ ხორბალაძეც, რომელიც დავითგარეჯის საქმეში ორიდანერთ-ერთი მთავარი მოწმეა. მიქელაძის თქმით, ხორბალაძემ კომისიის თავმჯდომარის, ლაშა დარსალიას დავალებით, შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ "დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხარეს ახალი პოზიცია აქვს".

ამ ახალი პოზიციის მიხედვით დავითგარეჯის მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის დადგენისას ქართული მხარე 1932-1936 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებით იხელმძღვანელებდა, - ეს სწორედ ის რუკაა, რომლის გამოუყენებლობასაც მელაშვილს და ილიჩოვას ედავებიან.

მიქელაძის თქმით, ამ საკითხის შეხვედრაზე დაყენების უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარემ, დარსალიამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. მიქელაძის თქმით, ნოდარ ხორბალაძემ თავისი წინადადება იმით დაასაბუთა, რომ, მისი აზრით, მხარეებს 1996 წელს შეთანხმებული სახელმძღვანელო 1938 წელს გამოცემული რუკა, სწორედ მის მიერ წარმოდგენილი 1932-1936 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი რუკების საფუძველზე იყო შედგენილი.

ამასთანავე, ხორბალაძემ მიუთითა, 1938 წელს გამოცემული რუკის ე.წ. ლეგენდაზე, რომლის თანახმადაც 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა სწორედ 1:200 000-იანი რუკის საფუძველზე შეიქმნა.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის პოზიციას, მიქელაძე ამბობს: "აღნიშნულის პასუხად აზატ ნაგიევმა [აზერბაიჯანელ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი] აღნიშნა, რომ იგი იცნობს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებს, თუმცა მისი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში შეუძლებლად მიიჩნია. თუ რატომ, მას არ აუხსნია."

ამგვარად, ჩვენებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანული მხარის შესახებ ამ ახალი რუკებისა და გარემოებების შესახებ ცნობილი უკვე 2019 წელს იყო და არა 2020 წლის აგვისტოში, როდესაც ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამასთანავე, მიქელაძე ხორბალაძის საპირისპიროდ ამბობს, რომ "1:500 000-იანი მასშტაბის რუკის ლეგენდას არა აქვს უშუალო კავშირი ამ რუკით ვიზირებულ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ხაზთან".

მალხაზ მიქელაძე ასევე იხსენებს ახალი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკების განხილვის საკითხს, იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. მიქელაძის თქმით, 2018 წელს ჯანელიძემ ნოდარ ხორბალაძეს დაავალა, 1:200 000-იანი რუკის საზღვრის ხაზები შეედარებინა 1938 წელს გამოცემულ 1:500 000-მასშტაბიან სახელმძღვანელო რუკასთან.

როგორც მიქელაძე ამბობს, რუკებს შორის ცდომილებები გამოიკვეთა.

"მინისტრთან შემდგომ შეხვედრაზე ნოდარ ხორბალაძემ წარმოადგინა ამ ორი საზღვრის ხაზის შედარების ელექტრონული ვერსია და ნათლად წარმოჩნდა, რომ ეს ხაზები მთლიანობაში თანხვედრაში არ იყო. მართალია, იყო მონაკვეთები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ, ასევე, საზღვრის ხაზებს შორის იყო ცდომილებები".

მიქელაძის ცნობით, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე პრემიერმინისტრთან განსახილველად მას არ წარადგენდა.

ამგვარად, პროკურატურის ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ ორი განაწყენებული ადამიანის აბსურდულ ბრალდებას ეფუძნება. მამა კირიონი და ნოდარ ხორბალაძე მელაშვილის მიმართ წყენას თავის ჩვენებებსა და ინტერვიუებში არც მალავენ. როგორც მათ მიერ მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, ისინი ნაწყენები არიან მელაშვილის ირონიაზე.

მელაშვილის ირონიაზე თავის ჩვენებაში ხაზგასმით საუბრობს მამა კირიონი. როგორც ის იხსენებს, ივერი მელაშვილი ერთ-ერთი კამათის დროს ირონიულ პასუხებს აძლევდა მას და ნოდარ ხორბალაძეს. მხოლოდ ხორბალაძის და კირიონის ჩვენებაშია საუბარი მელაშვილის და ილიჩოვას შესაძლო დანაშაულზე. მეტიც, მამა კირიონი პროკურატურას საკუთარ ვერსიასაც სთავაზობს

"მე ივერი მელაშვილს შევახსენე მისი კანონსაწინააღმდეგო [დანაშაულებრივი] ქმედებები. ერთ-ერთ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ დარღვევები იყო ჩადენილი არა გაუგებრობით და უმეცრებით, არამედ შეგნებულად. მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე - პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე, ამგვარი დირექტივები მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი მისდა სამარცხვინოდ ამ ყოველივეს აღმასრულებელი იყო."

დღეს უკვე ცნობილია, რომ ამ საქმეს საფუძველი 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ჩაეყარა. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა აქტიური მოქმედებები, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და პოლიტიკური ტაიმაუტის დროს პროცესი პრაქტიკულად შეწყდა. ცხადია, ამ საქმეში ხორბალაძის და მამა კირიონის განაწყენებული, პარტიზანული ჯგუფის მთავარი მოკავშირე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია, ამაზე მეტყველებს პროცესის ქრონოლოგიაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პროცესში უკვე ბატონი ბიძინა ჩართო და საქმე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი გახდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ ქართულ სახელმწიფოს სასიკვდილო საფრთხე აარიდეს. საზოგადოებას ახსოვს ე.წ. „ციანიდის საქმე“. მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირი სიკვდილს თავისი გმირული და ოპერატიული მოქმედებების შედეგად გადაარჩინეს.

ამ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ არცერთი ფაქტი, მტკიცებულება, არ დაუკონკრეტებიათ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა და რა ხდებოდა სინამდვილეში. ამ მოცემულობაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კლასიკური გაგებით სინდისის პატიმრები, ოცნების წინაარსარჩევნო სტრატეგიის მსხვერპლები არიან, ადამიანები, რომლებმაც არ უღალატეს პროფესიულ ეთიკას და სინდისს.

კომენტარები