დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, დღეს, 27 ოქტომბერს, 15:00 საათზე სასამართლოში მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა არის ჩანიშნული. 

"1 წელზე მეტი გავიდა და არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკებით რატომ არ იბრუნებს ბერთუბანს და უდაბნოს მონასტერს?" - წერს მშვენიერაძე. 

პროკურატურა მელაშვილსა და ილიჩოვას "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას" ედავება -  საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომლის დედნები, როგორც თავად დაადასტურა, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები