დავითგარეჯის საქმე

"წადით, თორემ თავებს დაგაჭრით"– სოფელ უდაბნოში ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც დაემუქრნენ

ფორმულა

სოფელ უდაბნოში, სადაც გუშინ, 4 მაისს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, მედიის წარმომადგენლებს დღესაც მუქარითა და შეურაცხყოფით დახვდნენ. ამჯერად, ადგილობრივი მოსახლეობა აგრესიით ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს დახვდა. 

ადგილობრივი მოქალაქე ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფაც სცადა, თუმცა, მისმა შვილმა ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. 

"წადით აქედან, სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავითგარეჯზე ვინც ის თქვა... იმის... არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის ფორმულა და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ, ბო**თან რომ დადიხართ, წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით, თქვე ახ**ბო, წადით, დაგამტვრევთ.. – მიმართა ადგილობრივმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს.


ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები