აშშ

პრეზიდენტობის 100 დღე – როგორ შეედარება ბაიდენის, ტრამპისა და ობამას რეიტინგები

30 აპრილს, ჯო ბაიდენის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან 100 დღე გავა.

ინაუგურაციის დღიდან სამთვე-ნახევრის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა არაერთი ბრძანება გასცა, რომლითაც დონალდ ტრამპის მიღებული გადაწყვეტილებები გამოითხოვა, საკუთარი რეფორმები დააანონსა და კონგრესს მასშტაბური, $4-ტრილიონიანი საინვესტიციო გეგმაც წარუდგინა. თანხა, კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ტოტალურ განახლებას უნდა მოხმარდეს.

ამ ეტაპზე, ამერიკელი ხალხი კმაყოფილი ჩანს. არაპარტიული პირებისა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა ბაიდენის პრეზიდენტობით კმაყოფილია. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ბაიდენი რესპუბლიკელებში უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე ტრამპი – დემოკრატებში, მისი პრეზიდენტობის 100 დღის თავზე. 

The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ამომრჩევლების 50% ბაიდენის მმართველობით კმაყოფილია, 39% კი – უკმაყოფილო. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის თავზე, მისი მოღვაწეობით ამომრჩეველთა 40% იყო კმაყოფილი, 50% კი – უკმაყოფილო. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე პრეზიდენტის აღიარება ჩამორჩება ბარაკ ობამას რეიტინგს, რომელიც, პირველი 100 დღის განმავლობაში, პუბლიკის 55%-იანი აღიარებით სარგებლობდა. 

დონალდ ტრამპთან შედარებით, ჯო ბაიდენმა საკუთარი პარტიის მეტი წევრის გულის მოგება მოახერხა – დემოკრატებში ამჟამინდელი პრეზიდენტის აღიარება 89%-ს უტოლდება, 7% კი მისით უკმაყოფილოა. ტრამპისთვის ეს მაჩვენებლები 82% და 14% იყო, შესაბამისად. 

ჯერჯერობით, ბაიდენის ყველაზე კაშკაშა გადაწყვეტილებად ინფრასტრუქტურის განახლების კანონპროექტი რჩება. ანალიტიკოსების შეფასებით, 1960 წლის შემდეგ ეს ამ სექტორისთვის გამიზნული ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

 

კომენტარები