პოლიტიკური კრიზისი

"ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა"– ხელმომწერი ოპოზიციის საერთო განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც დანარჩენ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში გაიმართა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე სამომავლო გზა საქართველოსთვის ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  ქართულმა ოცნებამ  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები. 

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ  შეთანხმების შესრულებაზე.  შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება - გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად  გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს  საქართველოს სწრაფ, დემოკრატიულ განვითარებას" - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების განცხადება

ხელმომწერები:

არმაზ ახვლედიანი

თეონა აქუბარდია

დავით ბაქრაძე

გიორგი ვაშაძე

პაატა მანჯგალაძე

ანა ნაცვლიშვილი

სალომე სამადაშვილი

ხათუნა სამნიძე

დავით უსუფაშვილი

შალვა შავგულიძე

მამუკა ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები