20 ივნისის საქმე

საია პარტიებს: არ დაუშვათ ამნისტიის გავრცელება 20-21 ივნისს სამართალდამცავთა დანაშაულებზე

ტბელ აბუსერიძე

"არ დაუშვათ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, იმის მიუხედავად, გამოძიება რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს" - მიმართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს. საქმე ეხება შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება,  რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

"შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების შეკრებისა თუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას". - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ "2021 წლის 19 ივნისს საიამ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად".

საია იცავს 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა (როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების) ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროპულ სასამართლოში.  

"2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას. 

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.  

ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3  მუხლს ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ,  გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით. იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია,გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, ეუთო და ევროპული პარლამენტი.

შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ  ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული),სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც ამგვარ აკრძალვას ითვალისწინებენ, საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია, და, კონსტიტუციის შემდეგ იერარქიით ყველაზე მაღლა დგას, შესაბამისად, საქართველო მათ შესრულებაზე ვალდებულია როგორც საერთაშორისო ორგანოების, ისე, საკუთარი მოქალაქეების წინაშე". - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერს ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

20 აპრილს ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ სამშაბათს, 27 აპრილს, პარლამენტში ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებენ და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს ამის შემდეგ დატოვებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ  მელიას "ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, ვიდრე სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული". მისივე განცხადებით, ამნისტია შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი, "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხებათ. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხებათ ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

კომენტარები