საპატრიარქო

საპატრიარქო: სააღდგომო წირვაზე დასწრების მსურველებმა იქონიეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია

საქართველოს საპატრიარქო სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დღესასწაულის ტაძარში აღნიშვნის მსურველ მრევლს მოუწოდებს, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. 

ამავდროულად, საპატრიარქო განცხადებაში წერს, რომ რისკ-ჯგუფში მყოფ მრევლს შეუძლია, სახლში დარჩეს და მათთან საზიარებლად მივა მათი მოძღვარი. 

"საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე.

ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც.

რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა". – წერია განცხადებაში. 

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მღვდელმთავრებს, უზრუნველყონ სასულიერო პირების მიერ სასაფლაოების კურთხევა 3 მაისს, რისი მიზეზიც ისაა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე მისვლა აიკრძალა. 

კომენტარები