საპატრიარქო

საპატრიარქო: მეუფე სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

მიტროპოლიტი სტეფანე
ერთსულოვნება

საპატრიარქო ადასტურებს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა, უარყოფს ინფორმაციას მისი გონების დაკარგვის შესახებ. 

ამის შესახებ საპატრიარქო Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა გახდა მიტროპოლიტიკის შეუძლოდ გახდომის მიზეზი, თუმცა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომას უკავშირდება. 

"დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას". – წერია განცხადებაში. 

რამდენიმე საათით ადრე მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 იანვრის დილით მიტროპოლიტი სტეფანე საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობითვე წერდა, რომ მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა. მოგვიანებით Facebook-ანგარიშზე, სახელწოდებით სალხინო-წაჩხურუს მრევლი გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე კლინიკაში წევს.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესსპიკერს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, თუმცა, მან არ გვიპასუხა. 

კომენტარები