საპატრიარქო

სამების გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს გამართავს, იგალობებს პაპის წირვის შემდეგაც

26 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40 მგალობელი სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით სიქსტეს კაპელაში იგალობებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა TV Imedi-ს ეთერში ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, 29 მაისს, როდესაც პაპი ფრანცისკე აღავლენს საზეიმო წირვას წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორეს ავე მარიასა და შენ ხარ ვენახი-ს.

"ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტეს კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები და როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, მოგეხსენებათ ეს საზეიმო მესა გადაეცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით, აქაც პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ, (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რა საკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შესრულდება ილია მეორეს ავე მარია და სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, შენ ხარ ვენახიც. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით". – თქვა წულუკიანმა.

წმიდა საყდრის ნუნციუსი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური facebook-ზე წერს, რომ ვატიკანი ემზადება განსაკუთრებული სტუმრების მისაღებად საქართველოდან.

 

კომენტარები