საქართველო-რუსეთი

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაშია

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდა. სია 27 აპრილს ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში წარადგინეს.

საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ: აშშ, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი. 

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

კანონი რუსეთის მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სახელმწიფო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ჩეხეთმა ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა ქვეყნიდან. ჩეხური მხარის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის გაძევებული წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან და GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცში, ზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. რუსეთმა პრაღის ბრალდებებს აბსურდი უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები