პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია მელიაზე: გასაგები მოტივაციაა – მიუღებელი ამნისტია არ გაფორმდეს მისთვის გაკეთებულად

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, მელიას მოტივაცია აბსოლუტურად გასაგებია, ვინაიდან მას არ სურს, მისთვის მიუღებელი ამნისტია მისთვის გაკეთებულად გაფორმდეს. 

"ევროპული საქართველო არ ვართ ამ შეთანხმების მონაწილე, იმიტომ, რომ ვთვლიდით და ვთვლით, ის არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამიტომ ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვერც ნიკა მელიას ამ მოწოდებამდე და ვერც ახლა. 

აბსოლუტურად გასაგებია მისი მოტივაცია ამ შემთხვევაში ჩემთვის – ამ ფონზე, იმ ამნისტიის, რომელიც მისთვის მიუღებელია, გაფორმება არ მოხდეს ისე, რომ ეს მისთვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები მასზე პასუხისმგებლობის გადატანის, რაც არასწორია. ვინც თვლის, რომ ეს ამნისტია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენ ასე არ ვთვლით ამ კონტექსტში, მან თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდეს ხელს". – თქვა ბოკერიამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები