პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიაზე საჭიროა

ლელო

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დაზარალებულების თანხმობა საჭიროა. ჯაფარიძე ამბობს, ამნისტია არ გავრცელდება დანაშაულის ჩამდენ ყველა პირზე, მათ შორის შესაძლო ბრძანების გამცემ თანამდებობის პირებზე. 

"მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით არის საჭირო, იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოში ამნისტიის კანონის მიღების თვალსაზრისით, როდესაც დაზარალებულების თანხმობა აუცილებელია იმ პირების საბოლოოდ ამნისტირებისთვის, რომლებსაც ეხებათ ამნისტიის კანონი.

ამ ეტაპზე ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ კონვენციას რაც ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ასეთ დანაშაულზე ვერ გავრცელდება. დეტალური განხილვა მათ მხარესაც იქნება, ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია, კიდევ ვიმეორებ – პროპაგანდა, რომ თითქოს ამნისტია ეხება ყველას, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მათ შორის, ვინც შეიძლება მიაყენა ზიანი მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს, არის ტყუილი. ეს ემსახურება იმას, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს. ვერ გავრცელდება იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ვისაც, შესაძლოა, გაცემული აქვთ უკანონო ბრძანებები". – თქვა ჯაფარიძემ ევროკავშირს წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამნისტია 3 სამართალდამცავსა და 16 აქტივისტზე გავრცელდება. 

"ამნისტია გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე, ამ შემთხვევაში ლაპარაკია 3 პოლიციელზე, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა და ერთ-ერთ მათგანზე უკვე არსებობს დაზარალებულის თანხმობა. მეორე მხარეს არის მიტინგის 16 მონაწილე, რა თქმა უნდა, გავრცელდება სრულად მათზე. ვინც არ იქნება თანახმა, რომ მას ამნისტია შეეხოს, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს". – თქვა ჯაფარიძემ.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები