სომეხთა გენოციდი

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. 

ამის შესახებ მის განცხადებაში წერია. 

"ამ დღეს, ყოველ წელს ვიგონებთ ოსმალეთის ეპოქის დროს მომხდარი სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს". – ამბობს ბაიდენი განცხადებაში. 

"ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ, ამავე დღეს დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა". – ნათქვამია განცხადების დასასრულს.

ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების შესახებ ხმა ჯერ კიდევ წინა კვირაში გავრცელდა. გამომცემლობა Bloomberg-ის ცნობით კი, 24 აპრილს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ სატელეფონო ზარში საუბარი გენოციდსაც შეეხო. 

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. 

სომეხთა გენოციდის ბაიდენის მიერ აღიარების მოლოდინს 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები 2019 წელს აშშ-ს სენატმა გენოციდად აღიარა და რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი სომეხი ოსმალებთან შეტაკების დროს დაიღუპა, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლიან, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა არ ყოფილა სისტემურად ჩატარებული. 

კომენტარები