სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდის აღიარება ანუ ბაიდენის პასუხი თურქეთს – ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდის აღიარება ანუ ბაიდენის პასუხი თურქეთს – ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა.

"ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ მოვიგონებთ მათ, ვინც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომეხთა გენოციდის დროს დაიღუპა და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ თავიდან ავიცილებთ ასეთი სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლების მიერ სომეხი ინტელიგენციის წევრებისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებას მილიონნახევარი სომხის დეპორტაცია, ხოცვა-ჟლეტა და სიკვდილი მოჰყვა. ჩვენ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლებს, რათა მომხდარი საშინელებები ისტორიაში არასოდეს დაიკარგოს. ჩვენ ვიხსენებთ, რათა ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ ყველანაირი სიძულვილის დამანგრეველი გავლენების მიმართ"

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ს სენატმა აღიარა გენოციდად და შესაბამისი რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალებთან შეტაკების დროს, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლის, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა სისტემურად არ ყოფილა ჩატარებული.

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე, ამ ნაბიჯის მოტივაციაზე და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გავლენაზე ტაბულა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

აშშ-ს რა ინტერესებით იყო განპირობებული ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება? ხომ არ იყო ეს თურქეთის გაფრთხილება ან სომხეთისთვის მხარდაჭერის გამოცხადება?

სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს რამდენიმე განზომილება აქვს. პირველი - ბაიდენს თავად ჰქონდა ნათქვამი, წინასაარჩევნოდ პირობა დადებული, რომ აღიარებდა სომეხთა გენოციდის თემას, თუმცა ეს დაპირება არაერთ პრეზიდენტობის კანდიდატს და შემდეგ პრეზიდენტს გაუკეთებია, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩენილა. ახლა კი იყო ის მომენტი, რომ ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იყო და ისინი საკმაოდ დაშორდნენ ერთმანეთს. მათ შორის რუსული საჰაერო სისტემების S-400-ების შეძენის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მართალია სიმბოლური, მაგრამ მაინც დაუწესა სანქციები თურქეთს და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ეს იყო ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი თურქეთის მიმართ.

ცალკე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებით ნიკოლ ფაშინიანსაც მხარს უჭერს ბაიდენი. მოგეხსენებათ, სომხეთში მალე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რას შეძლებს ფაშინაინი და მისი პოლიტიკური პარტია. გამოდის, რომ მისი პრემიერობის დროს მოხდა სომეხთა გენოციდის აღიარება, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო მათი ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური მიზანი.

რა გავლენა ექნება გენოციდის აღიარებს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებზე? თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევულუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობას დააზიანებს.

თურქეთი ეკონომიკურად ცალკე პანდემიის და ცალკე დასავლური ინვესტიციების გასვლის გამო არ არის ეკონომიკურად ისე ძლიერი, რომ საპასუხო სერიოზული ნაბიჯები გადადგას ამერიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ განცხადებები და რეალურ ქმედებებზე გადასვლას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისევ თურქეთის ეკონომიკა და თურქულ ლირა დაზარალდება, თურქული ლირა კი, მოგეხსენებათ, ისედაც გაუფასურებულია ბოლო პერიოდში...

კონკრეტულად არ ყოფილა რაიმე ოფიციალური უწყების მინიშნება ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, რაც მართლა დააზიანებდა ორმხრივ ურთიერთობას, არ ყოფილა რაიმე სხვა ძალიან კონკრეტულ საკითხზე საუბარი. ამიტომ, ჯერჯერობით რაც არის, ესაა განცხადებები. რა თქმა უნდა, განცხადებებს თურქეთი გააკეთებდა და თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფს გენოციდს, ამბობს, რომ მისი არქივები ღიაა მკვლევარებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩავიდნენ და იკვლიონ საკითხი, შექმნან ერთობლივი სამეცნიერო კომისიები და ა.შ.. თურქეთისგან მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, მაგრამ განცხადებების იქით, ჯერჯერობით, არ ვხედავთ სიტუაციის გაგრძელებას. 

მოსალოდნელია თუ არა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების ფონზე თურქეთი რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვდეს?

თურქეთ-რუსეთის დაახლოებას თავისი ლიმიტები აქვს. თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. უკრაინის შემთხვევაში დავინახეთ, როგორ უჭერს მხარს თურქეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში. ბუნებრივია, მიზეზთა გამო თურქეთი რუსეთთან ვერ დაახლოვდება. რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ ნატო-ს მიიჩნევს, თურქეთი კი ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ეს ლიმიტები არსებობს… თურქეთი არის სპეციფიკური ქვეყანა. უნიკალური არამხოლოდ თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, არამედ თავისი ადგილით საერთაშორისო ურთიერთობებში. მას არ შეუძლია, რომ ბოლომდე დაუახლოვდეს რუსეთს და ბოლომდე დაშორდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან პირიქით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ისე დაუახლოვდეს, რომ რუსეთს დაშორდეს. თურქეთი თავისი არსიდან გამომდინარე არის ასე მოწყობილი.

მოსალოდნელია თუ არა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ აღიარების შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენოციდის აღიარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე?

რეალურად სომხეთსა და თურქეთს და სომხეთსა და აზერბაიჯანს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და რაც არ აქვთ, იმას ვერ გააუარესებენ. მთიან ყარაბაღში ომი ახალი მომხდარია და შესაბამისად, გენოციდის აღიარებას, რა თქმა უნდა, ომი არ მოჰყვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველო კარგავს რეგიონში ფუნქციას, თითქოს თურქეთის გავლით დაიწყება ტვირთბრუნვა და განხორციელდება დიდი სატრანსპორტო პროექტები, იგივე ნახიჩევანის გავლით. მე მაშინაც და ახლაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ, იმიტომ, რომ ეს პრობლემები, იგივე გენოციდის აღიარების თემა, ისევე სხვა ბევრი პრობლემა ხელის შემშლელია და მათ შორის სერიოზული თანამშრომლობის დაწყების საშუალებას არ იძლევა. დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს სომხეთს, არც აზერბაიჯანთან, არც თურქეთთან. ერთობლივ გრძელვადიან პროექტებზე ვინ უნდა იმუშაოს? ეს ფაქტიურად შეუძლებელია. საელჩოების ფუნქცია არის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ამ ურთიერთობებზე იმუშაონ და ეს საელჩოები კი მათ არ აქვთ.

რეგიონზე აშშ-ს აღიარებას ის გავლენა ექნება, რომ ფაშინიანის პოზიციები გაძლიერდება წინასაარჩევნოდ, თურქეთს კი მიეცემა დრო მოსაფიქრებლად, უფრო დასავლეთისკენ გადაიხრება თუ რუსეთისკენ. კიდევ შეიძლება ამას დაემატოს სხვა ქვეყნების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი.

ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად ძალიან ბევრი ქვეყნისთვის არის მისაბაძი მაგალითი. იგივე გავიარეთ მაგალითად, ისრაელთან დაკავშირებით, როდესაც იერუსალიმში გადაიტანეს დედაქალაქი, შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი აღიარა დედაქალაქად და გადაიტანა იქ საელჩო.

სომეხთა გენოციდის საკითხი თურქეთისთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თურქეთში ეჭვობენ, რომ აღიარების შემდეგი ეტაპი იქნება კონპენსაციების მოთხოვნა და ამ მხრივ არის ეს საყურადღებო.

კომენტარები