სომეხთა გენოციდი

ლატვიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა

ლატვიის სეიმმა მიიღო დეკლარაცია, რომლითაც ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში მომხდარი სომეხთა გენოციდი დაგმო.

"ვაცნობიერებთ რა იმას, რომ ოსმალეთის იმპერიის მმართველი ორგანოების ქმედებების შედეგად მრავალი სომეხი ძალადობრივად იყო დეპორტირებული იმპერიის სხვა რეგიონებში და დაიღუპნენ შიმშილის, წამების და მკვლელობის შედეგად, სეიმი გმობს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, მათ შორის მკვლელობებს და ძალადობრივ გადასახლებას". - აცხადებს ლატვიის პარლამენტი.

დეკლარაცია ახალი კონსერვატიული პარტიის დეპუტატის იურის იურაშსის ინიციატივით 40-მა დეპუტატმა მოამზადა. ლატვიური მედიის ცნობით, დებატების დროს დეპუტატმა რომან ნაუდინშმა სომხეთის პარლამენტს მოუწოდა, ლატვიელთა გენოციდი და ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია ეღიარებინა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ლატვიის გადაწყვეტილება და დოკუმენტს "პოლიტიკური მოტივებით ისტორიის გადაწერის უბადრუკი მცდელობა" უწოდა. 

"უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას" - თქვეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში სომხური ინტელიგენციის დაახლოებით 800 წარმომადგენელი მოკლა. რასაც შემდეგ სომხების მასობრივი დეპორტაცია და ხოცვა მოჰყვა. სხვადასხვა შეფასებებით 1923 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში 600 000-დან 1.5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივად ხოცვა გენოციდად 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალებთან შეტაკების დროს, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან მიაჩნია, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა სისტემურად არ ყოფილა ჩატარებული.

2021 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღეს, სომეხთა გენოციდი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა.

კომენტარები