სომეხთა გენოციდი

ნოდია: აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებამ, გარკვეულწილად, საკითხს წერტილი დაუსვა

სომეხთა გენოციდი

ნოდია: აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებამ, გარკვეულწილად, საკითხს წერტილი დაუსვა

24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა.

"ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ მოვიგონებთ მათ, ვინც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომეხთა გენოციდის დროს დაიღუპა და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ თავიდან ავიცილებთ ასეთი სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლების მიერ სომეხი ინტელიგენციის წევრებისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებას მილიონნახევარი სომხის დეპორტაცია, ხოცვა-ჟლეტა და სიკვდილი მოჰყვა. ჩვენ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლებს, რათა მომხდარი საშინელებები ისტორიაში არასოდეს დაიკარგოს. ჩვენ ვიხსენებთ, რათა ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ ყველანაირი სიძულვილის დამანგრეველი გავლენების მიმართ"

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციას მხარს დაუჭერდა. მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ს სენატმა აღიარა გენოციდად და შესაბამისი რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბევრი სომეხი დაიღუპა ოსმალებთან შეტაკების დროს, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლის, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა სისტემურად არ ყოფილა ჩატარებული.

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე, ამ ნაბიჯის მოტივაციაზე და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გავლენაზე ტაბულა პოლიტილოგ გია ნოდიას ესაუბრა.

აშშ-ს რა ინტერესებით იყო განპირობებული ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება? ხომ არ იყო ეს თურქეთის გაფრთხილება ან სომხეთისთვის მხარდაჭერის გამოცხადება?

არა მგონია, რომ აქ რაღაც კონკრეტული ინტერესები იყო. დიდი ხანია, ეს საკითხი მწიფდება. პრაქტიკულად ძირითადი ნაბიჯი გადაიდგა ტრამპის პრეზიდენტობის დროს როდესაც კონგრესმა აღიარა გენოციდი. მაშინ ეს რაღაცნაირად თურქეთის ერთგვარი დასჯის სახეს ატარებდა, იმიტომ, რომ ის ბოლო ხანებში არ თანამშრომლობს დასავლეთთან, რუსეთის იარაღს ყიდულობს და ასე შემდეგ. ამან თითქოს ბოლო წვეთის როლი შეასრულა, მაგრამ ზოგადად ეს მწიფდებოდა ამერიკაში, ევროპაშიც. ბევრმა ქვეყანამ აღიარა ეს გენოციდი და აქ ბევრი სხვადასხვა მოტივი თამაშობს როლს, ერთი რომ მართლაც თვლის ბევრი ადამიანი, რომ ეს მოვლენა იყო განსაკუთრებული სისასტიკის გამომხატველი და იმსახურებს, რომ გენოციდი დაერქვას, გარდა ამისა, აქ არის თურქეთის როგორც დასჯის კომპონენტი, იმ თვალსაზრისით რომ ბოლო წლებში თურქეთი სულ უფრო ავტორიტარული მიმართულებით მიდის. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო აღიარეს გენოციდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთ ატმოსფეროს ქმნის, როდესაც უფრო ადვილი ხდება თურქეთის მთავრობის განაწყენება ასეთი გადაწყვეტილებებით. ბაიდენიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრით ხელმძღვანელობდა. მით უმეტეს, როგორც ვთქვი, ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ტრამპის დროს, ორივე პარტიამ [დემოკრატები და რესპუბლიკელები] დაუჭირა ამას მხარი. ასე რომ ბაიდენმა წერტილი დასვა. ხაზგასმა იყო იმის, რომ ორივე პარტიის პრეზიდენტი ამ საკითხში ერთ პოზიციაზე დგას.

რა გავლენა ექნება გენოციდის აღიარებს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებზე? თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევულუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობას დააზიანებს.

უკვე დაზიანებულია საკმაოდ ეს ურთიერთობები. ასე რომ, არ მგონია, რომ ეს დაზიანება პრინციპულად ახალ დონეზე გადავიდეს. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად წერტილი დაესვა ამ საკითხს, იმიტომ, რომ ძირითად ქვეყნებმა აღიარა ეს გენოციდი, გასაგებია, რომ უკან აღარავინ წაიღებს ამ აღიარებას და ეს თემა თითქოს უკვე გადაგორდა. გასაგებია, რომ ეს თურქეთისთვის მტკივნეულია. მეორე მხრივ, ეს მაინც სიმბოლური ჟესტია. რაღაც მოხდა ასზე მეტი წლის წინ, ეს იყო პრაქტიკულად სხვა სახელმწიფო ოსმალეთის იმპერია, თურქეთის რესპუბლიკა ამის შემდეგ დაიწყო და ნუ, თურქების, ასე ვთქვათ, თავმოყვარეობისთვის ეს არასასიამოვნოა მაინც. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ისტორიას ჩაბარდეს თვითონ გენოციდიც და მისი აღიარების საკითხიც. დავარქვათ ამას გენოციდი და ვთქვათ, ჩაითვალა, რომ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ. ეს ისტორიული ვითარების შეფასებაა. მაინც იქნებიან ისტორიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს არასწორია, ვიღაც იტყვის, რომ ეს სწორია. მაგრამ უკვე ამ საკითხმა აღარ უნდა მოახდინოს გავლენა მიმდინარე პოლიტიკაზე. შემდეგი პრეზიდენტი როდესაც იქნება, ან, თუნდაც ბაიდენი ამის შემდეგ ახალი ეტაპიდან უნდა დაიწყონ ურთიერთობები თურქეთთან და თურქეთმა მათთან. 

მოსალოდნელია თუ არა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარების ფონზე თურქეთი რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვდეს?

თურქეთის ერთგვარი გაუცხოება დასავლეთთან უკვე მიმდინარეობს. ბოლო წლები, ბოლო ათწლეული განსაკუთრებით. ეს პროცესია რომელიც არ არის განპირობებული გენოციდის აღიარებით მაინცდამაინც, ამას გაცილებით უფრო ღრმა შედეგები აქვს, მაგრამ ამას თავისი შეზღუდვებიც აქვს, კი, რუსეთთან რაღაც პერიოდულობით ახლოვდება თურქეთი, მაგრამ რუსეთთან აქვს როგორც საერთო ინტერესები, ასევე საპირისპირო ინტერესები. ასე რომ, მაინცდამაინც რომ რუსეთთან ძალიან ახლო და მოყვრული ინტერესები ჰქონდეს, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ის რომ მისი პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელია ნატოს ქვეყნების პოლიტიკისგან, ეს ახალი ამბავი არ არის. ამ თვალსაზრისით პრინციპულად არამგონია, რაიმე შეიცვალოს ბაიდენის ამ ნაბიჯის შემდეგ.

სომხეთი ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, ფაშინაინი თანამდებობიდან გადადგა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე?

ეს ფაშინიანისთვის კარგი ფონია. სწორედ ამ დროს აღიარა შეერთებულმა შტატებმა გენოციდი. შეუძლია მან თქვას, რომ სწორედ მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში მოხდა ეს და რაღაცნაირად ამაზე ქულები ჩაიწეროს, მაგრამ არა მგონია, ამას დიდი გავლენა ჰქონდეს არჩევნების შედეგებზე. თუ მივიჩნევთ, რომ რაც ვთქვი, სწორია, არა მგონია, გენოციდის აღიარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე დიდი გავლენა ჰქონდეს.

კომენტარები