სომეხთა გენოციდი

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება: მიზეზები და შედეგები – ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

სომეხთა გენოციდი

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება: მიზეზები და შედეგები – ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

24 აპრილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მოხსენიების დღეა. ერევანში, ასევე მსოფლიოს ყველა იმ ქალაქში, სადაც დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, ხალხი ყოველ წელს იკრიბება და პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. 2021 წლის 24 აპრილი ამ ხალხისთვის განსაკუთრებული თარიღი აღმოჩნდა, რადგან ამჯერად, ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 1915-1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილი სომეხთა მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების განმაპირობებელი მოვლენებისა და ამ ქმედების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით ტაბულა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორსა და პოლიტიკურ მიმომხილველს, თორნიკე გორდაძეს ესაუბრა. 

აშშ-ს რა ინტერესებით იყო განპირობებული ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება და რატომ მოხდა ეს ახლა? 

შეგვიძლია, რამდენიმე ფაქტორი აღვნიშნოთ. ერთი ის, რომ საქმე ლოგიკურად მაქეთკენ მიდიოდა. წლებია, აქტიური ქმედებები არის სომხური დიასპორის მხრიდან, აგრეთვე ამერიკის კონგრესში 2019 წლის ბოლოს გენოციდი აღიარეს და დარჩენილი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების აღიარება იყო.

გენოციდის აღიარებაზე აშშ-ში მოძრაობა ბოლო 20 წელში გაძლიერდა. ამაზე საუბარი 70-იანი წლებიდან არის, მაგრამ მაშინ, პრაგმატული თვალსაზრისით, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის მიხედვით, თურქეთი  მნიშვნელოვანი პარტნიორი, NATO-ს წევრი ქვეყანა და ასევე საკმაოდ დიდ რეგიონში აშშ-ს ერთადერთი საყრდენი იყო. მაგრამ ამ დოქტრინას ამ ხაზის შენარჩუნება უფრო და უფრო უჭირდა. ჯერ ერთი, ცივი ომი 90-იანი წლების დასაწყისში დასრულდა და მეორე - ბევრად უფრო გააქტიურდა წნეხი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ისეთი ადგილობრივი კონგრესმენების მხრიდან, რომლებიც არჩეული იყვნენ ისეთ შტატებში, სადაც სომხური დიასპორის გავლენა დიდია.

საქმე ამ მიმართულებით მიდიოდა, რომ ეს აღიარება ადრე თუ გვიან მოხდებოდა. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს აღიარება დააჩქარა აშშ-სა და თურქეთს შორის ბოლო წლებში ურთიერთობის დაძაბვამ. უკვე რამდენიმე წელია, თურქეთის საგარეო პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური აღარაა, დოქტრინა “დასავლეთი უპირველეს ყოვლისა”, რომელიც ათათურქის დროიდან თურქეთის მთავარი გეოპოლიტიკური ვექტორი იყო, აღარ არის. ამ ყველაფერს ერდოღანსა და დავითოღლუს აბრალებდნენ, მაგრამ მსგავსი ტენდენციები უკვე 90-იანი წლებიდან ჩანდა. ცივი ომის დასასრულის შემდეგ თურქეთი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას ცდილობდა, სურდა თავი წარმოეჩინა, როგორც დამოუკიდებელ საერთაშორისო აქტორად. რამდენჯერმე თურქეთმა არ ითამაშა ის როლი, რომელსაც მისგან დასავლელი პარტნიორები მოელოდნენ. 

საუბრის დროს თორნიკე გორდაძე ასევე შეეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უყურებს გენოციდის ისტორიას თავად თურქეთი:

"არც ისე ცნობილია, რომ თურქეთის სახელმწიფომ გენოციდში დამნაშავე ახალგაზრდა თურქების ხელისუფლების სამი ფაშა, რომლებიც მთავრობას 1908-1918 წლებში ხელმძღვანელობდნენ, გაასამართლა. 1919 წლიდან დაწყებული 1920-21 წლების ჩათვლით გაიმართა სასამართლო პროცესები. სამი ლიდერი: ენვერ-ფაშა, თალაათ-ფაშა და ჯემალ-ფაშა სომხების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავეებად ცნეს და მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, in abstentia, რადგან ისინი თურქეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდნენ. ამიტომ თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ეს საკითხი ჯერ კიდევ იმ დროს აქვთ გადაწყვეტილი. ასევე ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ სომეხთა ხოცვა ოსმალეთის იმპერიის დროს მოხდა და თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, სომეხთა ხოცვას გენოციდად არ მოიხსენიებენ".

ახალგაზრდა თურქთა მოწყობილი რევოლუციის აღმნიშვნელი ლითოგრაფი. ახალგაზრდა თურქთა მოძრაობამ რევოლუცია 1908 წელს მოაწყო და მათ ოსმალეთის იმპერიაში 1876 წლის კონსტიტუცია,შესაბამისად კონსტიტუციური მონარქია აღადგინეს. 

ბოლო წლებში დასავლეთთან ურთიერთობები ძალიან გაუარესდა, რაზეც რამდენიმე ფაქტორია აღსანიშნი. ერთი არის ის, რომ დავუთოღლუს დოქტრინის მიხედვით, თურქეთმა უნდა განავითაროს ურთიერთობა მეზობლებთან, უფრო მეტად ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების მიმართულებით. ამას ნეო-ოტომანურ საგარეო პოლიტიკას უწოდებენ. აგრეთვე, თურქეთმა უფრო აქტიურად უნდა ითამაშოს როლი ისლამურ სამყაროში და ამ სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდეს, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მის დასავლეთთან ურთიერთობაზე. 

2000-იანი წლებიდან თურქეთის ევროპულ ამბიციებს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები დაესვა. გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევით, თურქეთის კანდიდატურა ევროკავშირის წევრობაზე გაურკვეველი ვადით გადაიწია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა თურქეთის ანტიდასავლური ვექტორი. 2015 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რაშიც თურქეთი ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ის დღეს ამერიკაში ცხოვრობს და არსებობს თურქეთის მთავრობის თეორიები, რომ გადატრიალების მცდელობაში აშშ და დასავლეთი იყო ჩართული.  თურქეთის მთავრობა აშშ-ს გიულენის გადაცემას სთხოვს, რაზეც ამერიკა უარს ეუბნება.

მომდევნო ფაქტორი არის  თურქეთის მხრიდან რუსული S-400-ის სარაკეტო სისტემის შეძენა, რის გამოც აშშ-მ თურქეთი F-35-ების პროგრამიდან ამოიღო. გენოციდის აღიარება მთელი ამ პროცესის ნაწილია.

 ჯო ბაიდენი გახდა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც გენოციდი აღიარა. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც იმის ლოგიკურ გაგრძელებად, რასაც წლებია ამ მიმართულებისკენ მივყავდით, [უნდა განვიხილოთ] როგორც თვითონ ამერიკის შიდა პოლიტიკის ევოლუციის, ასევე აშშ-სა და თურქეთს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობის კუთხით. 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს ურთიერთობები უკვე საკმაოდ დაზიანებული იყო, მაგრამ მას ერდოღანთან არც ისე ცუდი პიროვნული ურთიერთობა ჰქონდა. ჯო ბაიდენის შემთხვევაში სიტუაცია პირიქით არის. ის 2016 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტი იყო, ანკარაში იმყოფებოდა და ერდოღანს შეხვდა. ეს შეხვედრა ძალიან ცივი იყო. გენოციდის აღიარებით ამერიკამ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აჩვენა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი ატარებდა, აღარ გაგრძელდება. ასევე, გენოციდის აღიარება გვაჩვენებს, რომ  ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არის ღირებულებზე დაფუძნება. მგონი, ამ ყველაფრის გამო მოხდა გენოციდის აღიარება. 

ასევე, კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ამერიკის მთავრობამ გაანალიზა თურქეთის რთული მდგომარეობა. იქ მძიმე ეკონომიკური კრიზისია. თურქეთი ამას [გენოციდის აღიარებას] უპასუხოდ ვერ დატოვებს, მაგრამ შესაძლო ქმედებების არჩევანი არც ისე დიდი აქვს.

რა გავლენა ექნება ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობაზე?

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაქცია აუცილებლად იქნება, რადგან თურქეთი ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს აშშ-სა და თურქეთის მრავალწლიანი, ღრმა ურთიერთობის დამამსხვრეველი იქნება. არც ის მგონია, რომ საპასუხოდ თურქეთი NATO-ს დატოვებს. თურქეთის ოფიციალური პირებისგან რამდენიმე განცხადება იყო, რომ, შესაძლოა, NATO-ს სამხედრო კომპონენტიდან გამოსულიყვნენ, ის რაც საფრანგეთმა 60-იან წლებში გააკეთა, მაგრამ არ მგონია საქმე აქამდე მივიდეს. [თურქეთისთვის] რეაქცია აუცილებელია, რადგან დღეს, თურქეთში ერდოღანის ამომრჩევლები ნაციონალურად განწყობილი ადამიანები არიან. ისინი ემყარებიან ერდოღანის პოლიტიკას, რომ თურქეთს დაუბრუნოს ის დიდება, რაც ოსმალეთის იმპერიის დროს ჰქონდა. 

მაგრამ თუ დავაკვირდებით, [გენოციდის აღიარების შემდეგ] გაკეთებული განცხადებები ისეთი მკვეთრი არ იყო, როგორიც მისგან სხვა დროს გვსმენია. მას არ უჭირს მკვეთრი განცხადებების გაკეთება. კარგად გვახსოვს მისი განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მიმართ, რომელიც ბევრად უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე მისი ბოლო განცხადება აშშ-ს მიმართ. აქ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ს არ აქვს ისტორიაზე საუბრის უფლება და ინდიელთა გენოციდიც ახსენა, მაგრამ მას ამერიკის უფრო სიღრმისეულად გაკრიტიკებაც შეეძლო. ასევე, განაცხადა, რომ ის იმედოვნებდა  NATO-ს სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას. ეს შეხვედრა მართლა დაგეგმილია და ივლისში გაიმართება.

სხვათა შორის, თურქეთის სხვა პოლიტიკური ძალების რეაქციას თუ დავაკვირდებით, ერდოღანი საკმაოდ მოგებული გამოდის, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი მის ხედვას იზიარებს. გარკვეულწილად, ამან შეიძლება ერდოღანისთვის კონსოლიდაცია გამოიწვიოს, ის ამას მომავალ, 2023 წლის არჩევნებში გამოიყენებს. ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება, რადგან თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავია და ერდოღანი თავს მუსტაფა ქემალ ათათურქის საპირწონე ფიგურად წარმოიდგენს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის იყოს ლიდერი და 2023 წლის გადმოსახედიდან ათათურქის მსგავს მნიშვნელოვან პიროვნებად შევიდეს ისტორიაში. არჩევნებზე ის შეეცდება, რომ აპელირება ნაციონალისტურ თემებზე გააკეთოს. ერთ-ერთი მთავარი ნარატივი იქნება დასავლეთისა და აშშ-ს შეთქმულება თურქეთის წინააღმდეგ, რისი ნაწილიცაა სომეხთა გენოციდის საკითხიც, რომ დასავლეთი თურქეთის დასუსტებას ცდილობს. მან უკვე აღნიშნა, რომ გენოციდის აღიარება ანტითურქული ძალების მობილიზაციის შედეგი იყო, რა თქმა უნდა, ის ამ თემას 2023 წლის არჩევნებისთვის განავითარებს. 

როგორ ფიქრობთ, თუ არის შესაძლებელი, რომ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გამო თურქეთი რუსეთს დაუახლოვდეს?

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თურქეთ-ამერიკის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს, მაგრამ არ ვიცი რამდენად დაახლოვებს თურქეთსა და რუსეთს, რადგან, ჩემი აზრით, ამ ორი ქვეყნის დაახლოებას ყოველთვის რაღაც ლიმიტი ჰქონდა. ისტორიული გამოცდილება რომ გავითვალისწინოთ, ბოლო 2 საუკუნენახევრის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს 12-ჯერ ჰქონდათ ომი. ამ ომებში ხშირად რუსეთი გამოდიოდა გამარჯვებული, მაგრამ იყო თურქეთის გამარჯვებებიც, მაგალითად, ყირიმის ომში, რომელშიც დასავლეთის დახმარებით მიაღწია წარმატებას. 

მათი გეოპოლიტიკური ინტერესები ძალიან ხშირად საწინააღმდეგოა. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან კავკასიაში. რუსეთი არაა ბედნიერი იმით, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი უკვე სამხედრო ალიანსია და საკმაოდ ძლიერია. რუსეთი არც იმითაა ბედნიერი, რომ თურქული, შეზღუდული, თუმცა სამხედრო წარმომადგენლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დამკვირვებელთა სახით გაჩნდა. 

თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა ყარაბაღის კონფლიქტის 9 ნოემბრის შეთანხმებისთანავე გამოვლინდა, როდესაც განიხილავდნენ, თუ სად უნდა განთავსებულიყვნენ თურქი დამკვირვებლები. რუსეთს სურდა, რომ მათი დისლოკაცია რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ყარაბაღიდან, რაზეც აზერბაიჯანი და თურქეთი საწინააღმდეგოს ცდილობდა. საბოლოოდ თურქი ოფიცრები ყოფილი ოკუპირებული აღდამის ტერიტორიაზე განათავსეს. 

თურქეთისა და რუსეთის ინტერესები ეჯახება სირიაშიც, რაც სიახლე არაა. როგორც კი სირიაში ომი დაიწყო, მათ კარდინალურად  განსხვავებული პოზიციები დაიკავეს. ისინი რამდენჯერმე შეეჯახნენ ერთმანეთს, ხშირად პირდაპირ არა, მაგრამ მათი მხარდაჭერილი ძალები. თურქეთის ანტისაჰაერო თავდაცვას მოუწია რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება 2015 წელს. ასევე, რუსებმაც რამდენიმე იერიში მიიტანეს პროთურქული შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. 

ისინი ერთმანეთს ლიბიაშიც უპირისპირდებიან, სადაც ორი მთავარი მოთამაშე არის და ერთს - ალ სარაჯის მთავრობას თურქეთი უჭერს მხარს, არის ასევე მარშალ ხალიფა ჰაფტარის ძალები, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. 

მათი ინტერესები ამ ორ ფრონტზე ეწინააღმდეგება. კავკასიაში თითქოს შეთანხმებულები არიან, მაგრამ მათი ურთიერთობის რამდენიმე ფენაა. ერთი შეხედვით საერთო ენის გამონახვას ახერხებენ, მაგრამ ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. მნიშვნელოვანია ბოლო კვირების დინამიკა უკრაინაში, როდესაც თურქეთმა ძალიან ცხადად დაუჭირა მხარი კიევს. ეს ორი ქვეყანა სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე არიან შეთანხმებული. მაგალითად, უკრაინა დაინტერესებულია თურქული დრონებით, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ყარაბაღის კონფლიქტში. თურქეთს კი აინტერესებს უკრაინული სამხედრო მრეწველობა, კერძოდ სამხედრო თვითმფრინავებისთვისა და დრონებისთვის ძრავების წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე. აგრეთვე თურქეთმა განაცხადა მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრობაზე. 

ერთადერთი საკითხი, რაც რუსეთსა და თურქეთს ერთ ხაზზე აყენებს, არის ის, რომ ორივე უკმაყოფილოა დასავლეთის პოლიტიკით. მათი ტაქტიკური ალიანსი ამ უკმაყოფილებითაა გამოწვეული.

თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ მაგალითად, როდესაც საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ანტანტის ალიანსზე მოაწერეს ხელი, მათი ინტერესები ერთმანეთს კოლონიურ რეგიონებში აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში უპირისპირდებოდა, მაგრამ ისინი გაერთიანდნენ გერმანიის წინააღმდეგ. ეს საინტერესო მოსაზრებაა, მაგრამ დასავლეთზეცაა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად იმოქმედებს ის რეგიონში.

2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარებას სომხეთის შიდა პოლიტიკაზე?

გავლენა ექნება. თუ გვახსოვს,  2018 წელს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოახდინეს იმ ძალებმა, რომლებიც გეოპოლიტიკურად  დადებითად განწყობილი იყვნენ დასავლეთის და არა რუსეთის მიმართ. ეს პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ამ რევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, იმდროინდელი ხელისუფლების კორუფციულობის გარდა, იყო ის, რომ ქვეყანა რუსეთის უდიდესი გავლენის ქვეშ მოხვდა. 

რუსეთი ამ ქვეყანას თითქმის ისე ეპყრობოდა, როგორც კოლონიას. სომხეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი, სტრატეგიული საწარმოები რუსეთის ხელშია. ისინი რუსეთმა თითქმის უფასოდ ჩაიგდო ხელში, რადგან სომხეთს 90-იან წლებში მათი დიდი ენერგეტიკული ვალი ჰქონდათ დაგროვებული. ასევე, თავდაცვისა და უშიშროების თვალსაზრისით სომხეთი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2010-იანი წლებიდან უკვე ჩანდა, რომ არ არსებობდა რუსეთის მიერ სომხეთის ინტერესების დაცვის გარანტია. თუნდაც ოთხდღიანი ომი, რომელიც 2016 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აპრილში მოხდა. რუსეთს არც მაშინ გამოუჩენია დიდი ძალისხმევა სომხეთის მხარდასაჭერად. 

2013 წელი შეზღუდული სუვერენიტეტის დოქტრინის პირდაპირი ილუსტრაცია იყო, როდესაც სერჟ სარქისიანს პუტინმა უარი ათქმევინა ევროკავშირის გამზადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე. ათქმევინა, რომ შეთანხმებაზე ოთხწლიანი მუშაობის მიუხედავად, მასზე უარს ამბობდა და ევროკავშირის ნაცვლად, სურდა, სომხეთი შესულიყო ევრაზიულ კავშირში, რომელიც იმ დროს მხოლოდ მონახაზის სახით არსებობდა. 

მთელმა ამ დამცირებებმა რევოლუციაში როლი ითამაშა. დღეს, ფაშინიანი და მისი მხარდამჭერი ძალები სომხეთში ყველაზე მეტად პროდასავლურებად აღიქმებიან. ამიტომაც, 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის როლი ბევრმა სომეხმა ძალიან ნეგატიურად შეაფასა, რადგან ბევრი დათმობის მიუხედავად, რუსეთმა ეს სიტუაცია გამოიყენა და სომხეთს მხოლოდ ბოლო მომენტში დაეხმარა, მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც გავლენის შენარჩუნება იყო საჭირო. ეს იმ დოზითა და ფორმით ჩარევა არ იყო, რასაც სომხეთი მოელოდა. ახლა ფაშინიანმა ზავს ხელი მოეწერა და პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა. პრორუსული ძალები ადანაშაულებენ ფაშინიანს, მის პროდასავლურობას, მის ლიბერალურ და დემოკრატიულ გატაცებებს. მათი თქმით, ამით აიხსნება რუსეთის პასიურობა, რაც ერთგვარი დასჯა იყო სომხეთისთვის. მაგრამ ამ ძალებმა, რომლებმაც ომის დამთავრების შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს, მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, როგორც გამოკითხვებით ჩანს, ფაშინიანი და მისი პარტია ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ მხარდაჭერა შემცირებულია. 

სომხეთის ოპოზიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რობერტ კოჩარიანი, რომელიც მთლიანად რუსეთზეა მიბმული, სერჟ სარქისიანზე მეტად. თუმცა მისი პოპულარულობა ძალიან დაბალია, რადგან ის ასოცირდება კორუფციასთან, არადემოკრატიულობასთან და რუსეთის მიმართ დათმობებთან. მას საკმაოდ დიდი რესურსები აქვს, მედიარესურსების ჩათვლით, კერძო არხების უმრავლესობა მთავრობის მიმართ კრიტიკულია, მაგრამ მას ჯერ ფაშინიანის დასამარცხებლად საკმარისი ძალა არ აქვს. 

აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება გამოყენებული ფაშინიანის მხრიდან. მას შეუძლია თქვას, რომ დასავლეთი სომხეთის მიმართ არ არის გულგრილი და ინდიფერენტული, ამიტომ აუცილებელია მათი საგარეო პოლიტიკა არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით. მას შეუძლია თქვას, რომ დასავლეთის ღირებულებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა სომხეთს აწყობს. 

სომხეთის მომავალ არჩევნებზე ამის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური საკითხები უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

მთელ ამ საკითხში აზერბაიჯანის როლიც გასათვალისწინებელია, რადგან მან სულ რამდენიმე თვის წინ დაასრულა ომი სომხეთთან და ზოგადად, რეგიონში თურქეთის მთავარი მოკავშირეა. ამიტომაც თორნიკე გორდაძე შეეხო გენოციდის აშშ-ს მიერ აღიარებასთან დაკავშირებულ აზერბაიჯანის რეაქციებსაც:

"გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით არ უნდა დაგვავიწყდეს აზერბაიჯანის რეაქციაც, რომელიც უფრო რადიკალურიც კი იყო, რადგან მათ საკუთარი მეხსიერების პოლიტიკა აქვთ. ისინი აღნიშნავენ, რომ თუკი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სომხეთის გენოციდის აღიარება ხდება, რატომ არ უნდა აღიარონ რეგიონში მომხდარი სხვა გენოციდები. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები რამდენიმე გარემოებას უსვამენ ხაზს, პირველი არის 1918 წელს, ბოლშევიკების კონტროლირებადი 26 კომისრის ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანელების გენოციდის მოწყობა, როგორც ამას აზერბაიჯანული ისტორიოგრაფია აღწერს. აგრეთვე, მათთვის მნიშვნელოვანია ხოჯალის ტრაგედია, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის 90-იანი წლების ომის დროს მოხდა. პატარა ქალაქი, ხოჯალი სომხურმა ძალებმა აიღეს და ასობით მშვიდობიანი მოსახლე დახოცეს".

1918 წელი, ე.წ. მარტის დღეები, დახოცილი აზერბაიჯანელები ბაქოში. მოვლენებში მონაწილეობას წითელ გვარდიისთან ერთად სომეხი დაშნაკებიც იღებდნენ.

კომენტარები