აშშ

VOICE OF AMERICA: ბაიდენი სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ემზადება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

Voice of America-ს ცნობით, აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურ სომეხთა მასობრივი ხოცვის ფაქტის გენოციდად აღიარებისთვის ემზადება. 

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობა შეინარჩუნა, რამდენიმე მედიას უთხრა, რომ გენოციდად აღიარება, შესაძლოა, შაბათს, 24 აპრილს მოხდეს. 24 აპრილი სომეხთა გენოციდში დაღუპულთა სამახსოვრო დღეა. 

გასულ წელს, საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის სომეხთა გენოციდის რეზოლუციას მხარს დაუჭერს. 

სომეხთა გენოციდის ბაიდენის მიერ აღიარების მოლოდინი დიდი ხანია არსებობს. ამას 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუკი ბაიდენი სომეხთა 1915 წლის მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, ის გახდება აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვინც ეს ოფიციალურად გააკეთა. 

მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები 2019 წელს აშშ-ს სენატმა გენოციდად აღიარა და რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი სომეხი ოსმალებთან შეტაკების დროს დაიღუპა, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლიან, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა არ ყოფილა სისტემურად ჩატარებული. 

კომენტარები