პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა უკვე ანტიდასავლურ ხასიათს იღებს

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არასამთავროებთან შეხვედრისას ისაუბრეს ამნისტიის სწორი გზით ჩაწერაზე შესაბამის კანონპროექტში. 

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ ხშირად გვესმის ის გზავნილი, თითქოს ვიღაც აპირებს ამნისტია შეეხოს ისეთ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელია მაკო გომურის დასახიჩრებაზე, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მსგავსი არ არის და არ იგულისხმება ამ შეთანხმების ფარგლებში მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საუბარი არის კონკრეტულ ადამიანებზე და ახლა საუბარია, როგორ აღიწეროს ეს კარგად და სწორი გზით შესაბამის კანონპროექტში". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ამნისტია შეეხოს მასაც, ვინც ბრძანება გასცა 20 ივნისს, სამადაშვილი ამბობს, რომ ეს სიცრუეა, რადგან ის ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 

"ეს არის მტკნარი ტყუილი, საზოგადოებას ნუ შევიყვანთ ტყუილში, არავის არ აქვს აღძრული არანაირი საქმე ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ, ეს ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. არანაირი გამოძიება არ ჩაუტარებია ოცნებას, ამიტომ სიცრუეა, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩაწერა შეუძლებელს ხდის მომავალში გამოძიების ჩატარებას". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამასთან ერთად, სამადაშვილი ამბობს, რომ კრიტიკული კითხვები შეთანხმებასთან დაკავშირებით მისაღებია, თუმცა მის წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდა უკვე ანტიდასავლურ ხასიათს იღებს.

"არავის ეშინია კრიტიკული შეკითხვებისა შეთანხმებასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. თუმცა, ამავე დროს, ამ შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა უკვე იღებს ანტიდასავლურ ხასიათს ჩვენს ქვეყანაში". - ამბობს სამადაშვილი

დღეს, 24 აპრილს, ოპოზიციასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. 

19 აპრილს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა ევროკავშირის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობად 20-21 ივნისის ღამის ბრალდებულებზე ამნისტიის გამოცხადებაა მითითებული. საზოგადოებაში გაურკვეველია, ამნისტია შეეხება თუ არა იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადააჭარბეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები