პოლიტიკური კრიზისი

სამხარაძე ლელოს ინიციატივაზე: შეთანხმების მოდიფიცირება დადებიდან მეორე დღესვე არასწორია

სამხარაძე

"ჩვენ არ ვიცით, საიდან მოვიდა ეს იდეა, ალბათ, ლელომ მიაწოდა. ეს იდეაც არ ყოფილა, თავის დროზე შეთანხმების ნაწილი, ზუსტად ამას ვამბობთ ჩვენ, შეთანხმების მოდიფიცირება  მისი დადებიდან მეორე დღესვე არ არის სწორი". - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შეთანხმებაში მეორე ფრაზა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სხვა გზების შესახებ, ამნისტიის და გირაოს გარდა, ეხება მხოლოდ რურუას.

"მე მგონი ძალიან ნათლად არის და ყველა საქმეში ჩახედული ძალიან კარგად ხვდება, რომ ამნისტიის საკითხი ეხება ნიკა მელიას, ხოლო სხვა საკითხი, რომელმაც შეიძლება ანალოგიური შედეგი გამოიღოს, ეხება რურუას და ეს არის პრეზიდენტის მიერ შეწყალება, რომელზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა.

მელიას საქმეზე იყო შეთანხმება, რომ 19-20 ივნისის საქმეზე გამოცხადდებოდა ამნისტია და მომავალ კვირაში დაინიცირდება, როცა პარლამენტში შემოვა ოპოზიცია, ხოლო რადგან ამნისტია რურუას ვერ შეეხებოდა, აქედან გამომდინარე, ის მეორე ფრაზა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ის, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს, ეს არის პრეზიდენტის მიერ რურუას შეწყალება". - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა:

"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელის მომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება" -  ვკითხულობთ შეთანხმებაში

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის მიღების შემთხვევაში, ის 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ეწინააღმდეგება როგორც გირაოს გადახდას, ასევე ამნისტიის მიღებას, თუკი ის ერთ პოლიციელსაც შეეხება. 

ამასთან ერთად, ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებად დაუდგნენ, რაც ნიკა მელიას გათავისუფლების მესამე გზას წარმოადგენს და ნაციონალური მოძრაობისთვისაც მისაღებია. ლელოს თქმით, ინიციატივა უკვე გამოთქვა რამდენიმე ევროპარლამენტარმა

 

კომენტარები