პოლიტიკური კრიზისი

ლელო: ევროპარლამენტარებს მელიას თავდებობა შევთავაზეთ, მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებად დაუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის ის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყვნებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნეს გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.

“ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის, შეუერთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ლელო იმედოვნებს, რომ ინიციატივა არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. 

"ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა.

ამავე ვიზიტის დროს, ბრიუსელში გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინიციატივა, შემოღებულ იქნეს საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის ისეთივე, როგორც არსებობს ნატოს შემთხვევაში. ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და ის გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს".- წერია განცხადებაში. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

კომენტარები