პოლიტიკური კრიზისი

მინაშვილი: მელია ამნისტიის წინააღმდეგია, თუ ის ერთ პოლიციელზეც გავრცელდება

აკაკი მინაშვილი 
for.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა და თქვა, რომ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას და, ასევე, ეწინააღმდეგება ამნისტიის მიღებას, თუკი ის ერთ სამართალდამცავზეც კი გავრცელდება.

"პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან რაიმე სახის გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, რადგან ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა, ამიტომ კატეგორიულად წინააღმდეგია, მათ შორის ევროკავშირის მხრიდანაც.

ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია. თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება და კიდევ ერთხელ გამოხატავს კატეგორიულ წინააღმდეგობას. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში /ძალიან არასწორია ნიკა მელიას დილემის წინაშე დაყენება".- ამბობს აკაკი მინაშვილი 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან.

კომენტარები