დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ-ს სენატის კომიტეტმა უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტს მხარი დაუჭირა

21 აპრილს აშშ-ს სენატის კომიტეტმა უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტი ზრდის უკრაინის სამხედრო სფეროსთვის ფინანსურ დახმარებას. სენატორები იმედოვნებენ, რომ ამ პროექტს სენატი მალე მიიღებს.

"დღეს, როდესაც რუსეთი 100 000-ზე მეტ კაცს, 2014 წლის შეჭრის შემდეგ ყველაზე დიდ რაოდენობას, თავს უყრის უკრაინის საზღვრებთან, მე მოხარული ვარ, რომ კომიტეტმა უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წინ წასწია. 

უკრაინელებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი და ეს დოკუმენტი მათ ამაში დაეხმარება დასავლური სტილის სამხედრო რეფორმებით, სასიკვდილო და არასასიკვდილო სამხედრო აღჭურვილობით, რათა თავი დაიცვან რუსეთისგან, ასევე აშშ-ს დიპლომატიური მხარდაჭერით სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის". - თქვა სენატორმა ჯეიმს რიშმა.

პარტნიორობის აქტი მოიცავს აშშ-ს შესაძლო ქმედებებს ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენის წინააღმდეგ. ამ გაზსადენის პროექტის შესრულება უკრაინას სტრატეგიულ ბერკეტს აკარგვინებს, რადგან ბუნებრივი აირის ამჟამინდელი გაყვანილობა, რომელიც რუსეთსა და ევროპას აკავშირებს, უკრაინის ტერიტორიაზე გადის. ნორდ სტრიმ 2-ის შესრულებით ეს გაზსადენები ნაკლები სტრატეგიული მნიშვნელობის გახდება.

უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობის აქტი მოიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს:

  • აქტი აშშ-ს პრეზიდენტს ავალდებულებს, 15 დღის განმავლობაში აცნობოს კონგრესს, თუ შესაძლებელია Nord Stream 2 AG-სთვის, ნორდ სტრიმ 2-ის გაზსადენის მშენებელი კომპანიისთვის, ასევე მასთან კავშირში მყოფი 19 კომპანიისთვის სანქციების დაწესება ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის აქტის მეშვეობით;
  • კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ს თანადგომას უკრაინის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფორმირებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამკლავებაში, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიას;
  • ამტკიცებს $300 მილიონის რაოდენობის სამხედრო დახმარებას (300 მილიონიდან $150 მილიონი დოლარით დახმარება გარემოებების მიხედვით გადაწყდება);
  • უკრაინას საშუალებას აძლევს, დაჩქარებული წესით მიიღოს დამატებითი თავდაცვითი საშუალებები;
  • ამტკიცებს $4-მილიონიან დახმარებას სამხედრო განათლებისა და წვრთნებისთვის;
  • მოითხოვს უკრაინის თავდაცვის სფეროში მტაცებლური ინვესტიციების წინააღმდეგ გეგმის შემუშავებას;
  • მოითხოვს სტრატეგიის შემუშავებას იმაზე, თუ როგორ დაეხმარება აშშ უკრაინას დიპლომატიურად;
  • ახალისებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინის საკითხზე მომუშავე ჯგუფის შექმნას;
  • ახალისებს უკრაინაში სპეციალური დესპანის დანიშვნას მოლაპარაკებებსა და რეგიონალურ პრობლემებში.

აქტი დადებითად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და იმედი გამოთქვა, რომ სენატი ამ დოკუმენტს მალე დაამტკიცებს. 


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-ისთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

20 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს უკრაინის საზღვართან მალე, სავარაუდოდ, 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები