პოლიტიკური კრიზისი

ჰარცელი დეპუტატებს: 09:00-დან გიწვევთ შეთანხმების ხელმოსაწერად EU-ს წარმომადგენლობაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის ყველა არჩეულ დეპუტატს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად იწვევს.

"საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: გიწვევთ შეთანხმების ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში სამშაბათს, დილის 09:00 საათიდან. დიდი მადლობა". – წერს ჰარცელი

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ თქვა, რომ  შეთანხმება ღიად რჩება ინდივიდებისთვის ხელმოსაწერად.

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ  ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს – საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან  ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები