პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან

კელი დეგნანი, სალომე ზურაბიშვილი და კარლ ჰარცელი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა, თუმცა, ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლების წევრები ელჩებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში მიდიან. რუსთავი 2 პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სწორედ ორბელიანების სასახლეში გაიმართება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა"  ხელმოწერის ცერემონია.

ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტზე ხელს სავარაუდოდ არ მოაწერს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, თუმცა, იქნება ინდივიდუალური ხელმოწერები.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელზე ხელმოწერის მზადყოფნაც გამოთქვა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ. 

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, ხოლო აშშ-ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ის გიორგი რურუას შეიწყალებს.

კომენტარები