პოლიტიკური კრიზისი

მელია: კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება, გარიგებაში არ შევალ! ეს შეუვალი პოზიციაა

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია FACEBOOK-ზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

"მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

"ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

რას გადაწყვეტენ სხვა ოპოზიციური პარტიები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გოგა ბოკერიამ თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. პარტია დოკუმენტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რესპუბლიკური პარტია დოკუმენტს კომპრომისულად მიიჩნევს და მათთვის ვადამდელის დანიშვნის პრინციპი მისაღებია. 

რაც შეეხება გირჩი - მეტი თავისუფლებას, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.  ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

კომენტარები