პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: ხელმოწერას არ ვაპირებთ, გაურკვეველია პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი

მოძრაობა დროას ლიდერის თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ, ვინაიდან მასში გაურკვეველია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ საკითხები. 

"თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალოდ ხელმოწერისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველია პოლიტპატიმრების საკითხი, რურუა-მელიას საკითხი და არჩევნებზეც ვნახეთ, რას გვეუბნება ქართული ოცნება, რომ 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმრავლესობის და უმცირესობის ცნებას ცვლიან". – თქვა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები