აქტივისტების დაკავება

GDI ხელისუფლებას: შეწყვიტეთ რეპრესიული პოლიტიკა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ

გიორგი მუმლაძე
FACEBOOK

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტის, გიორგი მუმლაძის დაკავებას რესპრესიულ პოლიტიკად აფასებს. GDI მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ, ხოლო სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება აქტივისტების წინააღმდეგ არის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

"ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას აქტივისტთა წინააღმდეგ, თუმცა იგი აღარ სჯერდება ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მკაცრ ზომას, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართავს, რასაც ადასტურებს გიორგი მუმლაძის დაკავება. გასათვალისწინებელია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და სისხლის სამართლის ნორმის ამგვარი განმარტება თვითნებურია" - აცხადებს GDI.

ორგანიზაცია 12 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქტივისტებზე ძალის გამოყენების ფაქტსაც ეხმაურება. ამასთან დაკავშირებით აქტივისტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართეს, რომელმაც შეკრების მონაწილეების მიმართ სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"საზოგადოებისთვის ცნობილი არაა არცერთი შემთხვევა, როდესაც უკანასკნელ წლებში პოლიციელების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების გამო, რომელიმე სამართალდამცავმა აგო პასუხი. ეს განსაკუთრებით ეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.

ამდენად, იმ ფონზე, როდესაც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევებში სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ აქვს, ორმაგად პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის თვითნებური განმარტების საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტების სისხლისსამართლებრივი დევნა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად" - აცხადებს GDI.

სამართალდამცველებმა 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ [გიორგი მუმლაძემ] პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები