აქტივისტების დაკავება

სამოქალაქო აქტივისტი: დაკავებისას უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალსა და შუბლში

დავით კაპანაძე
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე ამბობს, რომ მოძრაობა საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციელმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

კაპანაძის თქმით, როცა ის დააკავეს, პოლიციის მანქანაში, უფროსმა ლეიტენანტმა მას ხელბორკილები თვალებში ჩაარტყა. ის ამბობს, რომ პოლიციელის სახელი არ იცის, თუმცა, მის ამოცნობას შეძლებს. 

საქალაქო სასამართლოდან აქტივისტი სამხარაულის ბიუროში გადაიყვანენ, სადაც დაადგენენ დაზიანებების ხარისხსა და ხანდაზმულობას. 

"მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში რომ ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალსა და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს, არის უფროსი ლეიტენანტი, მეჯდა ხელმარცხნივ და კამერებშიც იქნება". - ამბობს კაპანაძე. 

რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, მისი პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მუმლაძე და კიდევ 4 აქტივიტი 14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან დააკავეს.  

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ  ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ [გიორგი მუმლაძემ] პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეზე პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები