დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კანდელაკი: საქართველო პუტინს უკრაინის საკითხზე სიჩუმეს ჩუქნის

ევროპული საქართველოს მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, გიორგი კანდელაკი მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულ სიტუაციაზე საუბრობს და ხელისუფლებას არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს. 

"უკრაინის საკითხის აქტუალიზაცია ამჟამად კარგად წარმოაჩენს ივანიშვილის ხელში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიას და გადახრას რუსეთის სასარგებლოდ. ეს ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად არ გამორჩებათ. ზალკალიანმა დაურეკა უკრაინელ კოლეგას საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, პროაქტიულად კი არ დაურეკია. ამას მოჰყვა დისკუსიები იმაზე, რომ მე-9 წელია, ოცნება ხელისუფლებაშია და საქართველოს არც ერთი პრემიერმინისტრი არ ჩასულა უკრაინაში ორმხრივ ფორმატში. გახარია იყო სუამის ფორმატში, რაც ფაქტობრივად არ ითვლება. 9 წლის განმავლობაში არცერთი ქართველი ლიდერი არ ჩასულა უკრაინაში, რაც თავისთავად პოლიტიკური განაცხადია, რომ ჩვენ იქ არ ვერევით". – თქვა კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება არამხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული საკითხიცაა, ვინაიდან ამ მდგომარეობაში საქართველოს აქვს შანსი, თავისი ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გაააქტიუროს. 

"ეს საჭიროა იმისათვის, რომ როცა მოხდება [სიტუაციის] განმუხტვა, ჩვენც ამ განმუხტვის ნაწილი ვიყოთ და დეოკუპაციის საკითხი წინ წამოვწიოთ. ამის საპირისპიროა საქართველოს დე-ფაქტო საგარეო პოლიტიკა. ამაზე უკეთესი საჩუქარი პუტინისთვის არ არსებობს. დღეს საქართველო პუტინს ჩუქნის უკრაინის საკითხზე სიჩუმეს". –  ამბობს კანდელაკი. 


8 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ქვეყნის სუვერინეტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა

აღსანიშნავია, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დუმილზე დაწერა. 

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშების თანახმად, სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწტყვეტის რეჟიმი. შეთანხმების დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები