დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვრებისკენ გადაადგილება გრძელდება [ფოტოები]

ეშელონზე ატვირთული რუსული თვითმავალი 2С4 Тюльпан-ი 

რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკრაინის საზღვრებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით კვლავ გრძელდება. 

სოციალურ ქსელებში, როგორიცაა Telegram-ი, TikTok-ი და Twitter-ი, ვრცელდება კადრები, რომლებიც ავტორების თქმით, რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის მიმართულებით გადაადგილებას ასახავს. ასევე გავრცელდა სატელიტით გადაღებული სურათებიც. ინტერნეტსივრცეში მსგავსი კადრების გავრცელება მარტის ბოლოდან დაიწყო.

გავრცელებულ ვიდეო- და ფოტომასალებში ჩანს რუსეთის ჯარისთვის ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა S-400-ის ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემა, ისკანდერის სარაკეტო სისტემა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალკალიბრიანი საარტილერიო დანადგარი 2С4 Тюльпан-ი.

გასულ დღეებში Conflict Intelligence Team-ი აცხადებდა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქში დაბანაკდნენ. ეს ფაქტი დაადასტურა კომპანია Maxar-ის სატელიტებით გადაღებულმა ფოტოებმაც.

ასევე ვრცელდება ახალი კადრები, თუ როგორ კვეთს რუსული მძიმე ტექნიკა ქერჩის სრუტის ხიდს ყირიმის მიმართულებით.


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

 

კომენტარები