პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყება

დანიელსონი, ჰარცელი, დეგნანი

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა 30 მარტს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიასთან კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს. 

სავარაუდოდ, დანიელსონის ამ ვიზიტის ფარგლებში ეს ბოლო შეხვედრა იქნება, რადგან სპეციალური წარმომადგენელი თბილისის დატოვებას დღეს, 30 მარტის საღამოს გეგმავს

29 მარტს მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და პარტიებთან სათითაოდ შეხვედრის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ მედიატორები მოამზადებენ დოკუმენტს, რომელზე ხელმოწერაც პარტიების პასუხისმგებლობაა. 

"რაც პროცესს შეეხება, ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებთ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო გაკეთდეს მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რათა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს". – თქვა კრისტიან დანიელსონმა 29 მარტს. 

შეხვედრების დაწყებამდე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კომენტარები