პოლიტიკური კრიზისი

"თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელის დანიშვნის ტესტად არ გამოდგება" – ოპოზიცია

ტაბულა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას სთავაზობენ. ოპოზიციის პოზიციით, თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელის დანიშვნის ტესტად არ გამოდგება. 

"ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს". – ნათქვამია განცხადებაში. 

  • ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პარტია პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან, მაიკლ გალერი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას "უცნაურ ინიციატივას" უწოდებს ქართული ოცნების წინადადებას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს იმის ინდიკატორი, დაინიშნება, თუ არა ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში, ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზირეფერენდუმად, რაც არ უნდა შედგეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები