პოლიტიკური კრიზისი

გალერი: უცნაური ინიციატივაა, თვითმმართველობის არჩევნები იყოს ვადამდელის ინდიკატორი

ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიიდან, მაიკლ გალერი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას "უცნაურ ინიციატივას" უწოდებს ქართული ოცნების წინადადებას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს იმის ინდიკატორი, დაინიშნება, თუ არა ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში.

მმართველ გუნდს ეს ინიციატივა ღიად არ უთქვამს, თუმცა ამაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრების დასრულების შემდეგ. 

"ახლა სახეზეა პოლიტიკური კონფრონტაცია და ყველამ უნდა იფიქროს გამოსავლის გზებზე. ამიტომ საჭიროა ახალი იდეები. როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში, ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზირეფერენდუმად. ეს ძალიან უცნაური ინიციატივაა და, მგონია, რომ ეს იდეა არ უნდა შედგეს. საჭიროა სხვა სახის კომპრომისები, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს". – ამბობს ევროპარლამენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ტაბულა მათ თარგმანს ეყრდნობა. 

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პარლამენტი ახლა ქმედითია, წევრების საკმარისი რაოდენობის გამო, თუმცა, ამავდროულად ის სათანადოდ არ ფუნქციონირებს, რადგან მისივე განმარტებით, "ნორმალურ დემოკრატიაში" პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია და მმართველი პარტია. 

"დიახ, ეუთო-მ არჩევნები ნამდვილად აღიარა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ეს განცხადება მთავრობამ უკან დასახევად გამოიყენოს და თქვას, რომ შეხედეთ, რა კარგი განცხადება იყო, მით უმეტეს, რომ ეუთო-ს შეფასებაში საუბარი იყო გარკვეულ ხარვეზებზე". – ამბობს მაიკლ გელერი. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კი მომდევნო დღეს განახლდება. 

კომენტარები