დროა

ელენე ხოშტარიას საგამოძიებო ვიდეო: ვინ არის დავით ხიდაშელი? – გარეჯის, იგივე რუსული საქმე

დროა

მოძრაობა დროა დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალ საგამოძიებო ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ელენე ხოშტარია დავით ხიდაშელის შესახებ საუბრობს, რომელმაც, საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოს გარეჯის რუკები ჩამოუტანა. ელენე ხოშტარია ასაჯაროვებს მეილ-მიმოწერას, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.

დროას ცნობით, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხიდაშელის კომპანია სანქციების გვერდის ავლით სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს მაშინ, როცა სირიაში ომი მიმდინარეობდა და სირიის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროებული შტაზის არქივის დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ინტრაკომის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, სოკრატის კოკალისი შტაზის აგენტი იყო. პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერი ამბობს, რომ სწორედ შტაზის აგენტობის დროს დააგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოკალისმა, რამაც შემდეგ მისი ბიზნესის წარმატება განაპირობა.

"დავით ხიდაშელი 2007 წლიდან უმსხვილეს რუსულ საკომუნიკაციო კომპანია სისტემას შეუერთდა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. კომპანია სისტემას დამფუძნებელი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვი, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია. როგორც ირკვევა, კომპანია სისტემა გაეროს სანქციების გვერდის ავლით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის დროს ჩრდილოეთკორეელ მოქალაქეებს ასაქმებდა. კომპანია სისტემა 2014 წელს, მაიდანის მოვლენების დროს ვიქტორ იანუკოვიჩს აფინანსებდა და მისი კუთვნილი ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. სისტემა დაკავშირებულია 90-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფება სოლნცევოსთან". – ნათქვმია მოძრაობის განცხადებაში. 

საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია ჟენევაში დავით ხიდაშელის საცხოვრებელი სახლის შესახებ. ხიდაშელი "რუსულ სოფელში" ცხოვრობს, სადაც რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

ელენე ხოშტარია რუსულ საქმეს უწოდებს დავითგარეჯის საქმეს, რომელიც ივანიშვილმა შესასრულებლად ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა.

"დროა, დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანების რეალური განზრახვა. საქართველოში რუსული სპეცოპერაციები ივანიშვილებით, ხიდაშელებით, ორჯონიკიძეებით ვეღარ ჩატარდება და ამ სპეცოპერაციებს უდანაშაულო ადამიანები, როგორიც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან, აღარ შეეწირებიან". – ამბობს ელენე ხოშტარია.

კომენტარები