ჩანაწერები

მოქალაქე: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს – სადამსჯელო ოპერაცია იყო

TV პირველი

მოქალაქე ზაზა მდივანი ყვება, რომ ბერა ივანიშვილისთვის სოციალურ ქსელში გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა სცემეს. ზაზა მდივანი ფაქტს სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს. 

"იყვნენ თვალებამდე აწეული შავი ნიღბით და კაპიშონით, თვალებიც არ ჩანდა.  მიზეზის გარეშე, არც რამე შელაპარაკება. უცებ დამარტყა. შრამი შუბლზე არ არის მუშტით მოყენებული, ეს ან კასტეტია, ან იარაღის ტარია. წავიქეცი, მერე შემდგნენ, კარგად მცემეს და ხმა არ ამოუღიათ. აი, რატომ გცემთ, რისი გულისთვის გცემთ, ან შეეგინებინათ – არაფერი ხმა არ ამოუღიათ. ხომ ხედავთ ჩემს თვალს, მცემეს და უცებ გაიქცნენ. ესენი იყვნენ მოგზავნილები, არ აინტერესებდათ მე ვინ ვარ, რა ვარ.

6 მარტი იყო ხომ, ღარიბაშვილის ჩანაწერები? დიდი რეაქცია მქონდა, უარყოფითი. როგორ შეიძლება, რომ სკოლის მოწაფეზე... ჩაფსმული მივა, ვაბშე ვერ მივა, ვაგინე ბერას Facebook-ზე, სტატუსებზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია". – თქვა მდივანმა TV პირველის ეთერში. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ. 

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 მარტს პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინებაში წერია, რომ გამოძიებას უფლება აქვს, წინააღმდეგობის შემთხვევაში  "იძულების პროპორციული ზომა" გამოიყენოს.

კომენტარები