ჩანაწერები

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.  შესაბამის განჩინებას ტელეკომპანია ავრცელებს. 

"მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის  უფლებას გვაძლევს ჩვენ კანონი".- ამბობს ტვ.პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. 

ადვოკატი ვახტანგ წერეთელი ამბობს, რომ მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებლის, ელექტრონული მატარებლების ამოღება და კონვერტის, ან სხვაგვარი შეფუთვის, რომლითაც ჟურნალისტს მიაწოდეს ინფორმაცია. 

"არ არის მითითებული თავად ინფორმაცია, ანუ ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი განჩინება, სადაც მითითებული იქნება პირდაპირ ეს ინფორმაცია, კომპანია ამას შეასრულებს"- ამბობს ადვოკატი. 

 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები