პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: დღეს ის პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი, რომლებზეც უფრო რთულია შეთანხმება

მგონი დღევანდელი დღე იქნება მნიშვნელოვანი ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ, რომ უნდა გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და გუშინაც არ იყო მარტივი დღე, იყო ძალიან რთული დღე, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი. უფრო სიღრმეებში მოგვიწევს რაღაც საკითხებში წასვლა, სადაც უფრო რთულია შეთანხმება. [...]

არცერთი საკითხი არ არის დახურული. მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი, ისევე, როგორც ხელახალი არჩევნები არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტში. შესაბამისად, მათ დადეს პირობა, ყოველ შემთხვევაში ბატონმა ღარიბაშვილმა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ იყო, რომ ისინი ამაზე ისაუბრებდნენ ჩვენთან, შესაბამისად ეს დახურული ვერ იქნება

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები