პოლიტიკური კრიზისი

პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას – საქართველოს მეგობრების წერილი კრიზისზე

ტაბულა

საქართველოში აშშ-სა, თუ ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნებმა და ანალიტიკოსებმა, საქართველოში არსებული კრიზისის შესახებ წერილი გაავრცელეს. ღია წერილში საქართველოს მეგობრები წერენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დიალოგისთვის. 

ჩვენ, წერილის ხელმომწერნი, თავს ვთვლით საქართველოს მეგობრებად, რომლებიც დიდი ხანია პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მედგარობას სირთულეების წინაშე, დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას და მათ თავდადებულ გამბედაობას, შეინარჩუნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს ორგანიზაციებსა და მთავრობებში აქტიურად ვცდილობდით [საქართველოსთვის] პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას. ჩვენ ასევე, საჭიროების დროს, უკან არ დაგვიხევია კონსტრუქციული კრიტიკისგან.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრისა და ლიდერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მისი არგამოშვებით შეუძლებელი გახდება ბოლო არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარება, რისი შედეგიც იყო ოპოზიციის ბოიკოტი. ერთპარტიული პარლამენტი არ არის საღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის,  ჯანდაცვის და ამჟამად გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული მწვავე საკითხების მოგვარებას, არამედ ასევე აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას, როგორც რეგიონში სტაბილური პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ღირებულებების დამცველის. ამ მოვლენებით კმაყოფილია მხოლოდ მოსკოვი,  რომელსაც საქართველოსთვის კარგი არ სურს.

ჩვენ იმ ქვეყნებიდან ვართ, რომელტა დემოკრატიაც ასევე დგება ხოლმე გამოწვევების წინაშე მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის მომენტებში, როდესაც ჩვენი ინსტიტუტები გამოცდის წინაშე დგებიან და ჩვენი ქმედებები შორდებიან იდეალებს. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტები გადარჩა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების წყალობით. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა დროის საკითხია, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას. არჩეულმა მთავრობებმა ამომრჩევლების მისწრაფებები უნდა განახორციელონ, თავიანთი დრო და ყურადღება მიმართონ იმ პოლიტიკების გატარებისკენ, რომელიც მათი კამპანიის ნაწილი იყო. არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, საარჩევნო უკანონობებთან დაკავშირებით მიმართონ სამართლიან და ღია სასამართლოს. ჩვენ ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ მათ, რომ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ შექმნილი ყველა შესაძლებლობა, რათა შეძლონ მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან იმ გამოსავალზე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ მანდატები და გააძლიერონ საქართველოს დემოკრატია. ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის განვითარებას მშვიდობიანი გზითა და კანონიერი არხების გამოყენებით, რათა გადაჭრან გაუგებრობა. მათი საერთო მიზანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელიც გამოხატავს ყველა ამომრჩევლის მიზანს და, შესაბამისად, აქვთ ქართველი ხალხის სრული ნდობა, რომ წაიყვანონ ქვეყანა წინ. 

საქართველოს დემოკრატიამ გაუძლო წარსულ გამოცდებს. წარსულში კრიტიკულ მომენტებში საქართველოს ლიდერები უკან იხევდნენ კრიზისისგან და უკიდურესი ნაბიჯებისგან და მათ დაუშვეს ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. საქართველო კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა, რომელსაც ზოგი ეგზისტენციალურად აფასებს. ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი - გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი. შედეგად მოხდება კომპრომისის მედიაციისთვის ევროკავშირის ძალისხმევის ფასილიტაცია, ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. თუ არ გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები, შესაძლოა, გაჩნდეს მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის უარყოფითი შედეგების დადგომის მოთხოვნა. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

ის, რაც საქართველოს საერთაშორისო უპირატესობას ანიჭებს არის მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი  კეთილგანწყობა.  ეს განწყობა  არის დამსახურებული და რთულად მოპოვებული, მაგრამ - იმ გლობალური წნეხის პერიოდში, რაც გამოიწვია ეკონომიკურმა გაურკვევლობებმა და გლობალურმა პანდემიამ -  ეს არ არის უსასრულო და თუ კეთილგანწყობა დაიკარგა, რთული იქნება მისი დაბრუნება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს, არ დაკარგონ ეს განწყობილება, აჩვენონ ერთგულება დემოკრატიისა და დიალოგის მიმართ და დაიცვან ადამიანის უფლებები. როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეთავაზებები და მხარდაჭერა წარვუდგინოთ, და დავეხმაროთ კრიზისის გადაჭრაში. თუმცა გრძელვადიანი შეთანხმება მიიღება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მცდელობისა და საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერების საფუძველზე.

  • იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
  • მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი
  • ქერი კავანა, კენტუკის უნივერსიტეტი
  • ლუკ კოფი, Heritage Foundation
  • სვანტე კორნელი, Central Asia-Caucasus Institute, American Foreign Policy Council
  • უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში,
  • ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი
  • გლენ ჰოვარდი, The Jamestown Foundation
  • ტოომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი
  • იან კელი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი
  • მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • თომას მელია, PEN America
  • რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლორა თორნტონი, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი
  • რენდი შონემანი, Halifax International Security Forum
  • კურტ ვოლკერი, NATO-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი
  • კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

კომენტარები