ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: მოუწევთ ძალის გამოყენება, წინაპირობა არ მაქვს, ვიფიქრო, რომ გონს მოვლენ

ტაბულა

"მოუწევთ ძალის გამოყენება, წინაპირობა არ მაქვს, ვიფიქრო, რომ გონს მოვლენ". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.   

"ფორმალობა არაფერს არ ცვლის. რახან ეს კურსი აირჩიეს, ქვეყნისთვის საზიანოდ და, ჩემი აზრით, მათთვის საბედისწეროდ, ჩვენ რაც ვთქვით, იმის გაკეთება მოუწევთ - მათ მოუწევთ ძალის გამოყენება აქ მყოფი ადამიანების, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 

მათ მოუწევთ, დიდი ალბათობით, პოლიტიკური პარტიების მთელი სპექტრის წარმომადგენლების დაკავება, თუ ამ სიტყვას და დანაქადნებს ასრულებენ. ეს არის გზა, რომელიც ქვეყნისთვის სარისკოა და მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება. არანაირი წინაპირობა არ მაქვს, ვიფიქრო, რომ გონს მოვლენ". – ამბობს გიგა ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილი. დღეს, 18 თებერვალს, დილით, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც მათ ადვოკატს უთხრეს, სურდათ, დოკუმენტი პირადად ნიკა მელიასთვის გადაეცათ. თუმცა, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზეზი არ ჰქონდათ და შეეძლოთ, დოკუმენტი მისთვის, როგორც მელიას წარმომადგენლისთვის, ჩაებარებინათ. ენმ-ის ოფისში არშეშვების შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს

პარალელურად, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს, "ხელი არ შეგვიშალონ გადაწყვეტილების აღსრულებაში." 

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები