ნიკა მელიას საქმე

შსს: მოვუწოდებთ პარტიების წარმომადგენლებს, ხელი არ შეგვიშალონ გადაწყვეტილების აღსრულებაში

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ხელის შეშლა ისჯება კანონით და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ აღიკვეთება. 

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით". – ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ.  მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

"მოგეხსენებათ, სასამართლოს მიერ გაცემული არის განჩინება. მოსული ვართ ადგილზე, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები". – უთხრა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს. 

სამართალდამცველები ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. საძაგლიშვილის თქმით, სამართალდამცველები, სავარაუდოდ, განჩნების ფურცლის ჩასაბარებლად არიან მისული.  

"ადვოკატი ვარ, თუ რამე გაქვთ ჩასაბარებელი, შეგიძლიათ, მე ჩამაბაროთ. მაქვს თუ არა უფლება, როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, მისი სახელით ჩავიბარო დოკუმენტი?" – მიმართა საძაგლიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს. 

სამართალდამცველების თქმით კი განჩინების ფურცელს საძაგლიშვილს მელიასთან ერთად, "აღსრულების პროცესში" ჩააბარებენ. 

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია. როგორც ლიდერები ამბობენ, აპირებენ, ნიკა მელია ფიზიკურად დაიცვან და მის დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა – მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები