ნიკა მელიას საქმე

საძაგლიშვილი სამართალდამცველებზე: შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მისული სამართალდამცველები შენობაში არ შეუშვეს. როგორც მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, სამართალდამცველების თქმით, მათ მელიასთვის სურდათ დოკუმენტის გადაცემა. ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველების შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა.

"თუ რაიმეს გადაცემა უნდოდათ ნიკა მელიასთვის, დოკუმენტის ჩემთვის გადმოცემა ითვლება ნიკა მელიასთვის ჩაბარებად. მე შემიძლია, ნიკა მელიას სახელით, როგორც მისმა წარმომადგენელმა, მოვაწერო ხელი. თუმცა, გამოაშკარავდა, რომ ეს, რეალურად, არ ყოფილა მათი მიზანი. თუ, მათ შორის, ამ უკანონო ქმედებას გავაანალიზებთ პოლიციელთა მხრიდან, არ არის გამორიცხული, რომ იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას. 

რთულია ვარაუდის გაკეთება, ერთი რამ ნათელია, რომ შენობაშ შესვლის ლეგიტიმური მიზანი ფიზიკურად არ არსებობდა. თუ მათი მიზანი იყო დოკუმენტის გადაცემა, შეეძლოთ, გადმოეცათ ჩემთვის და ჩაითვლებოდა, რომ გადასცეს ნიკა მელიას". – ამბობს ის.  

ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია. როგორც ლიდერები ამბობენ, აპირებენ, ნიკა მელია ფიზიკურად დაიცვან და მის დაპატიმრებას არ დაუშვებენ. 

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები