ნიკა მელიას საქმე

სამართალდამცველებს ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მისულ სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ოფისში სასამართლოს განჩინების აღსრულებისთვის მივიდნენ, რომლის მიხედვითაც, ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. 

"მოგეხსენებათ, სასამართლოს მიერ გაცემული არის განჩინება. მოსული ვართ ადგილზე, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები". – უთხრა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს. 

სამართალდამცველები ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. საძაგლიშვილის თქმით, სამართალდამცველები, სავარაუდოდ, განჩინების ფურცლის ჩასაბარებლად არიან მისული.  

"ადვოკატი ვარ, თუ რამე გაქვთ ჩასაბარებელი, შეგიძლიათ, მე ჩამაბაროთ. მაქვს თუ არა უფლება, როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, მისი სახელით ჩავიბარო დოკუმენტი?" – მიმართა საძაგლიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს. 

სამართალდამცველების თქმით კი განჩინების ფურცელს საძაგლიშვილს, მელიასთან ერთად, "აღსრულების პროცესში" ჩააბარებენ. 

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია. როგორც ლიდერები ამბობენ, აპირებენ, ნიკა მელია ფიზიკურად დაიცვან და მის დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა – მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები