დარიალის გამშვები პუნქტი

დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ადვოკატ დარია სამოდუროვას მიერ სოციალურ  სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დარიალის ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე 10 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში  ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. 

შსს წერს, რომ მათ არ აქვთ "საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები", ამის გამო, არ უშვებენ ქვეყანაში. მათივე ცნობით, მუშაობენ უკრაინულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი სამშობლოში დასაბრუნებლად.

"ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან,  სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და  გასამართლებულები არიან  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალთან" მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.  

"დარიალის"  ე.წ. ნეიტრალურ ზონაში  ამ დროისათვის  მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში" მყოფი პირების  პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას  ახორციელებს". - წერს შსს. 

10 ივნისს ადვოკატმა დარია სამოდუროვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები შველას ითხოვს. სამოდუროვას განცხადებით, ისინი 1 წელია "სარდაფში იმყოფებიან".

დარია სამოდუროვა საუბრობდა გასული წლის ზაფხულში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე, რომელთა ნაწილი 2025 წლის აგვისტოში სამშობლოში დააბრუნეს, შსს-ს 22 აგვისტოს განცხადებით, რამდენიმე პირი კვლავ რჩებოდა ტერიტორიაზე. ტაბულა აღნიშნულის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებამ 11 ივნისს საჯარო განცხადება გაავრცელა.

"უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს!

მე დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში.

აქ საუბარი არ გვაქვს ერთ - ორ დღეზე. აქ საუბარია 1 წელიწადზე.

ამჟამად სარდაფში იმყოფება 19 ადამიანი.

შემაშფოთებელია ის პირობები რა პირობებში იმყოფებიან ეს პირები. ნესტიანი სარდაფი, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სავენტილაციო სისტემა, არ აქვს სველი წერტილი და საკუჭნაო. შსს საკვებით და მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს იქ მყოფ პირებს, არ მიწოდებათ სამედიცინო დახმარება. არ აწვდიან ჰიგიენის და პირადი ჰიგიენის ნივთებს. სარდაფში მძვინვარებს ანტისანიტარია.

როგორ აღმოჩნდნენ უკრაინის მოქალაქეები დარიალის ნესტიან სარდაფში?

ძირითადად ეს არიან პირები ვინც იძულებით, რუსულმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან, საქართველოში. საქართველოს საზღვრზე, პასპორტ კონტროლის გავლისას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ პირების სარდაფში მოთავსება.

არის თუ არა ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა?

არის. ამ პირებს შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ არსებობს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს სასამართლოს განჩინება/ბრძანება სარდაფში ადამიანების განთავსების შესახებ, არ არსებობს კანონით გათვალიწინებული საფუძველი, რომელიც ახსნიდა ამ პირების არაადამიანურ პირობებში მოთავსებას. არ არსებობს კონკრეტული თარიღი, ამ პირებმა არ იციან როდის დასრულდება მათი ჯოჯოხეთში ყოფნა.

ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეების ნესტიან სარდაფში მოთავსების პრაქტიკა 3 წლის წინ დაინერგა. შსს-ს მიერ არაადამიანურ პირობებში ადამიანების უკანონოდ მოთავსების თაობაზე ინფორმირებულია ყველა უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ჩანს, ეს მძიმე დანაშაული ნორმად არის ქცეული.

აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე". - წერს ადვოკატი. 

რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.


2025 წლის აგვისტოში დარიალზე მყოფი 80-ზე მეტი უკრაინის მოქალაქიდან 65 სამშობლოში დაბრუნდა

შსს 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ  ნეიტრალურ ზონაში კიდევ რჩება უკრაინის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაზეც მხარეები მუშაობენ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება". - აცხადებდა შსს გასული წლის აგვისტოში. 

იქამდე, 2025 წლის 20 ივლისს შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 80-მდე პირი "არავალიდური დოკუმენეტების" საფუძველზე საქართველოს საზღვის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ". 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები".

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის მიერ "გაყრილი" მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ.

ასევე, გასული წლის 27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა. 

BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.

კომენტარები